პრეზიდენტმა პარლამენტში თქვა, რომ ერი თვითგვემაშია - მთავრობის წევრების და დეპუტატების უმრავლესობა კი მისი გამოსვლის დროს ტელეფონით ერთობოდა

გამოქვეყნდა:

დეპრესიაში მყოფი ერი თვითგვემაშია - დაასკვნა სალომე ზურაბიშვილმა და პარლამენტში ამ მთავარი გზავნილით მივიდა. თვითგვემაში მყოფ ერად საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტმა დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან გამოცხადა.

რატომ ფიქრობს ხალხი, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, მთავრობა ცუდად მუშაობს და ტოტალური გაჭირვებაა - სალომე ზურაბიშვილი პრობლემას არა ხელისუფლებაში, არამედ ხალხში ხედავს, მოსახლეობის ფსიქოანალიზის შედეგად პრეზიდენტმა დაადგინა, რომ ერი დეპრესიაშია.  

სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო გამოსვლა დღეს ნახევრადცარიელ დარბაზში მიდიოდა, ოპოზიციურმა ფრაქციებმა ბოიკოტი არ შეწყვიტეს და პრეზიდენტის მოსასმენად არ შევიდნენ. ეს პოლიტიკური დემარში ზურაბიშვილის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.

სალომე ზურაბიშვილის 34 წუთიანი სიტყვით გამოსვლის პარალელურად მედიის ყურადღებას, დარბაზი უფრო მეტად იქცევდა. პრემიერი გახარია, მაია ცქიტიშვილის ტელეფონში ვიცე-პრემიერთან ერთად რაღაცას არჩევდა, არჩილ თალაკვაძე მესიჯობდა. იგივე ხდებოდა სამთავრობო ლოჟაში, მესიჯობდა კალაძეც, მომღიმარი სახით ტელეფონს უყურებდა ჯანდაცვის მინისტრი ტიკარაძე, თავდაცვის მინისტრი ღარიბაშვილი, ფინანსთა მინისტრი მაჭავარიანი, გომელაური ღარიბაშვილი და თურნავა. ტელეფონზე უარი ვერ თქვა გენშტაბის შეფმა ჩაჩიბაიმ. ამ დროს პრეზიდენტი ტრიბუნიდან ამაყობდა, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება ყველაზე მეტად არის დაცული.

ზურაბიშვილს დღეს არც ერთი სიტყვა არ უთქვამს, ისეთი რაც ქართულ ოცნებას გაანაწყენებდა. დასავლურ კრიტიკაზე თქვა, რომ საგანგაშო არ არის. სასამართლოში თქვა, რომ მორჩილი მოსამართლეების პრობლემა მძიმე საბჭოთა წარსულს ბრალია.

პრეზიდენტის ამ გამოსვლით კმაყოფილი მხოლოდ „ქართული ოცნება“ დარჩა, თუმცა ვერ ახსნა, რას ნიშნავს სალომე ზურაბიშვილის მიერ მოსახლეობისთვის დასმული დიაგნოზი, რომ ერი თვითგვემაშია.

ზურაბიშვილის პოლიტიკურ გზავნილებზე მეტად მედიას პრეზიდენტის კადრები დაამახსოვრდება, დარბაზში შესულმა სალომე ზურაბიშვილმა კორონავირუსის შიშით ხელის ჩამორთმევის ახალი სტილი დაამკვიდრა, მდინარაძეს მუშტი მიურტყა, თალაკვაძე პრეზიდენტის განზრახვას ვერ მიხვდა და უხერხულ მდგომაროებაში აღმოჩნდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი