ადვოკატი სახალხო დამცველს მიმართავს, პირად კონტროლზე აიყვანოს ირაკლი ეძგვერაძის ცემის საქმე

გამოქვეყნდა:

ადვოკატი ენმ-ის დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის ცემის საქმეზე სახალხო დამცველის ჩართვას ითხოვს და მოუწოდებს, პირად კონტროლზე აიყვანოს გასულ ღამეს, გლდანში მომხდარი ინციდენტი. ლაშა ტყეშელაძემ დაკავებული ეძგვერაძე დღესაც მოინახულა და როგორც ის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ამბობს, ეძგვერაძემ დეტალურად მოუყვა პოლიციელების მხრიდან ძალადობის შესახებ.

ადვოკატი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან გამოძიების დაწყებას მოითხოვს, ის კოკა კაციტაძის უწყებას მოუწოდებს, გამომძიებლებმა ეძგვერაძე გამოკითხონ და დააკავონ ის პირები, რომლებიც მასზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ და რომელთა ვინაობაც ეძგვერაძისთვის ცნობილია: 

"ირაკლი რა თქმა უნდა, მხნედ გრძნობს თავს. ამ დრომდე, ერთხელ უკვე მოვუწოდე, მაგრამ არავითარი დაინტერესება არ ყოფილა სპეციალური საგამოძიებოდან, არც სახალხო დამცველი არ შემომხმიანებია. აუცილებელია, სახალხო დამცველი ჩაერთოს და პირად კონტროლზე აიყვანოს, რადგან ირაკლიმ მომიყვა, რომ როდესაც შეიყვანეს ავტოფარეხში, რამდენიმე პირი უჭერდა კისერზე და ყელის მიმართულებით ხელს და როდესაც ვეღარ სუნთქავდა  და მიხვდნენ, რომ შეიძლება გათიშულიყო, ან გაგუდულიყო, მაშინ გაუშვეს ხელი და ეს ყველაფერი მას აღენიშნება. " აღნიშნა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.

მისი თქმით, ეძგვერაძე მოინახულა ექიმმაც და სხეულზე მიყენებული დაზიანებები შესაბამის დოკუმენტაციაშია შეტანილი.

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე წუხელ პოლიციამ დააკავა. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას - კერძოდ კი წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.  დაპირისპირება ოპოზიციონერი დეპუტატის სახლთან, გლდანში მოხდა. პოლიციის მხრიდან აგრესია მას შემდეგ დაიწყო, რაც  ნაციონალური მოძრაობის წევრი შეეცადა  გაერკვია რატომ იყვნენ მობილიზებული ძალოვნები მის ავტოფარეხთან. შსს -ის ინფორმაციით, პოლიცია ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებას ასრულებდა, რასაც ეძგვერაძე ხელს უშლიდა. 

ეძგვერაძესთან ერთად დააკავეს ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი დეპუტატი საკრებულოში - ირაკლი ნადირაძე, რომელიც რამდენიმე საათში ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი