რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერება არ არის სიტუაციის გამწვავება, ეს არის “ვალდებულებების შესრულების ბალანსის დაცვა“ - ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთისთვის რუსეთის მიერ დაფინანსების შეჩერებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
„მე ამას გამწვავებას არ ვუწოდებდი. თუ ვისაუბრებთ მიღწეული შეთანხმებების შესრულებზე, არსებობს შეთანხმებების პაკეტი, რომელსაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტმა, ასევე ორი ქვეყნის მთავრობებმა.
შეთანხმებები პარლამენტის მიერ არის რატიფიცირებული. ამ დოკუმენტების მიხედვით, მხარეებს გარკვეული ვალდებულებები ეკისრებათ. უბრალოდ საუბარი იმაზე, რომ ამ ვალდებულებათა ბალანსი დაცული უნდა იყოს და ჩვენს აფხაზ მეგობრებს ეს მშვენივრად ესმით" ამბობს ლავროვი.
მან ასევე განაცხადა, რომ ჯერ კიდევ აგვისტოში ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა მოსკოვში მიიწვია.
როგორც 3 სექტემბერს შამბამ განაცხადა, მოსკოვმა სოხუმს 1-ელი სექტემბრიდან დაფინანსება შეუჩერა. სოციალური გადახდების შეჩერება ოკუპირებული რეგიონის მასწავლებლებს, ექიმებს, ძალოვან უწყებებს და სხვა ადამიანებს შეეხება.
მოსკოვმა სოხუმი ადრე მიღწეული "შეთანხმებების" შეუსრულებლობაში დაადანაშაულა, რაც, პირველ რიგში, ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე უძრავი ქონების შეძენაზე მორატორიუმის მოხსნას გულისხმობს.