"10 ან 15 წლის წინ მთავარი შეკითხვა ის იყო, არის თუ არა საქართველო ევროპის სრულფასოვანი ნაწილი. ამ შეკითხვას ევროკომისიამ და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ნათლად, გეოპოლიტიკურად უპასუხეს, რომ კი, ასეა, როცა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდა.
ეს ადვილი არ ყოფილა, რადგან რეალური პოლიტიკური ნებაა საჭირო იმის დასანახად, რომ შავი ზღვის აქეთ მხარესაც ევროპაა. ეს ერთი ნაწილია. მეორე ნაწილი კი ისაა, რომ, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს საპარლამენტო არჩევნების წინ და რასაც ჩვენ ვშვრებით, რისთვისაც კარგია ის კონფერენცია, რომელსაც ვესწრები, ისაა, რომ შევინარჩუნოთ, რასაც ბოლო 20 წელიწადში მივაღწიეთ და საფრთხე არ შევუქმნათ ამას.
პირველ ყოვლისა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ ეს არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად ჩატარდეს. როგორც დემოკრატებმა, უნდა მივიღოთ ნებისმიერი შედეგი იმ პირობით, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იქნება.
საგარეო და ევროპული პოლიტიკის თვალსაზრისით კი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა შევინარჩუნოთ, რასაც მოვაღწიეთ. რადგან გულახდილად უნდა ვთქვათ - თუ ამ პროცესში ზედმეტი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, ძალიან გაძნელდება იმავეს მიღწევა. მოლაპარაკებების გახსნა და ევროკავშირის გაფართოება უდავიდარაბო საკითხი სულაც არაა. ამდენად, საქართველომ და პარტნიორებმა უნდა დააფასონ, რასაც მიაღწიეს".
- განაცხადა ბუნდესტაგის წევრმა "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან", კნუტ აბრაჰამმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.