საქართველოში გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაცია იმყოფება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერები ქვეყანაში ქართველი ხალხის დასავლური მისწრაფებების მხარდასაჭრად და სამოქლაქო საზოგადოების სოლიდარობის მიზნით ჩამოვიდნენ. გერმანელი დეპუტატები დილიდან შეხვედრებს მართავენ და უკვე ჰქონდათ აუდიენცია ოპოზიციურ პარტიებთან.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გერმანულ დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა და მათ მხოლოდ დ საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა.
"კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენელი, ხათუნა სამნიძე ამბობს:
"ყველაზე მძიმე მოსასმენი ამ შეხვედრაზე იყო ის, რომ ჩვენ კოლეგებს, ამ ქვეყნის მეგობრებს, გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლებს არ შეხვდა "ქართული ოცნება". არც პარლამენტის სპიკერი, არც აღმასრულებელი ხელისუფლებიდან არავინ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად მძიმდება ქართული ოცნების გადაწყვეტილებები არჩევნების მოახლოებასთან ერთად და რამდენად ღიაა მათი გადაწყვეტილებები გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენ შეგვექმნას პრობლემა და დაიკეტოს კარი ევროპის საქართველოს გაწევრიანების გზაზე. სწორედ ამაზე ვისაუბრეთ, ამ საფრთხეზე, რომ თუ ქართული ოცნება აგრძელებს თავის რუსულ პოლიტიკას, მათ შორის აგენტების შესახებ კანონის აღსრულების დაწყებით, ეს პირდაპირ ხელს უშლის იმას, რომ ქვეყანა გახდეს ევროპის ოჯახის წევრი".
ანა ნაცვლიშვილმა, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელმა თქვა, რომ ევროპელ პარტნიორებს შორის საყოველთაო თანხმობაა, რომ "ოცნების" რუსული პოლიტიკით საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი.
"გერმანიის შიგნით, ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი გადაწყვეტილება იქნება მისაღები ბუნდესტაგის მხრიდან, ანუ სწორედ იმ პარლამენტარების მხრიდან რომლებიც აქ ჩამოვიდნენ, ყველა ძირითადი პარტიის წარმომადგენლები, ქართული ოცნების აღმასრულებელმა ხელისუფლებამ განუცხადა, რომ არა აქვთ დრო შეხვდნენ ადამიანებს, რომლებმაც რამდენიმე თვეში, საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ", - თქვა ნაცვლიშვილმა.
პირველ საათზე ბუნდესტაგის დელეგაცია პრესკონფერენციას გამართავს.