უკვე რამდენიმე საათია ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი თბილისის საკრებულოს დეპუტატის ირაკლი ეძგვერაძის გამოკითხვას აწარმოებს. საქმე ეძგვერაძის დაკავებისას სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტებას ეხება. გამოკითხვის შემდეგ გაირკვევა დაიწყებს თუ არა უწყება გამოძიებას გლდანში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პოლიციელების წინააღმდეგ, რომლებმაც ადვოკატის ინფორმაციით დეპუტატს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.
"ირაკლის დაზიანებები და სილურჯეები ეტყობა ტანის სხვადასხვა მიდამოებში და გამომძიებელმა ეს თავისი თვალით ნახა. ასევე ამოიღო თავისი დადგენილება, რომელიც მას დაეხმარება მის სამედიცინო დოკუმენტაცია გამოითხოვოს იზოლატორში და ყველაფერია აღწერილი, რა დაზიანებები აქვს.
პირველ რიგში მოთხოვნა არის, რომ შეუწყდეს უფლებამოსილება იმ ადამიანს, რომელმაც იძალადა ირაკლი ეძგვერაძეზე, რომლის კადრებიც არის გავრცელებული და სახელი და გვარიც იცის საზოგადოებამ. ამის შემდეგ უნდა მოხდეს ამ ადამიანის გამოძიებაში დაბარება და შემდეგ ბრალდება, რადგან მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, ეს ყველაფერი არის საჯაროდ დაფიქსირებული.
მე კიდევ ერთხელ ვეტყვი კოკა კაციტაძის უწყებას და პროკურატურას, გამოძიებობანას თამაშს თავი დაანებონ, გამოიძიონ და ბრალი დაადონ მოძალადე პოლიციელს," - აცხადებს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.