ე.წ "ტაშის დამკვრელები" საუბნო საარჩევნო კომისიებში | ოპოზიციას დამოუკიდებელი წევრების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს

გამოქვეყნდა:

დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს ირჩევენ. ასარჩევია 9 090 ხელმძღვანელი პირი და 15 150 წევრი. ოპოზიციის მტკიცებით, საუბნო საარჩევნო კომისიებში ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირების დანიშვნა იგეგმება, რომლებსაც გარკვეული პერიოდის წინ სპეციალურად გაატარეს ტრენინგი და სერტიფიკატებიც გადასცეს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით ეს ნიშნავს იმას, რომ დამოუკიდებელი წევრები კომისიებში პარტიულ ინტერესებს გაატარებენ. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, სწორედ ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც "ქართულ ოცნებას" რეგიონებში პარტიულ შეკრებებსა თუ მხარდამჭერ კონცერტებზე ე.წ "ტაშის დამკვრელებად" დაჰყავს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ასევე ხაზს უსვამენ საარჩევნო ადმინისტრაციის ამ რგოლზე სუსის გავლენებსაც.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანი წითლიძემ საუბნო კომისიების დამოუკიდებელი წევრების "ოცნებასთან" კავშირის მაგალითებიც წარმოადგინა. მისი თქმით,  კომისიის წევრებს შორისაა დასუფთავების სამსახურის აიპის თანამშრომელი ლაშა ხარებავა, რომელიც წლების წინ ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისის დარბევაში იღებდა მონაწილეობას.  ასევე დამოუკიდებელ წევრად არის წარმოდგენილი თინათინ მაჭარაშვილი, რომელიც სოფლის რწმუნებულის მეუღლეა.

ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფს ცენტრალური საარჩევნო კომისია და აცხადებს, რომ კომისიის წევრების არჩევა კანონის სრული დაცვით მოხდა. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი შარაბიძის თქმით, ნებისმიერი დონის საარჩევნო ადმინისტრატორის საქმიანობა უნდა შეფასდეს მათი საქმიანობის და ნეიტრალიტეტის მიხედვით და არა პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი წინასწარი განცხადებებით. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი