რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების საკითხს ბაიდენთან, აშშ-ში, სექტემბერში განვიხილავთ | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების საკითხს ჯო ბაიდენთან სექტემბერში ამერიკაში განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. 

ზელენსკის ინფორმაციით, ის მსოფლიო ლიდერებთან ამ საკითხზე უკვე მუშაობს და იმედოვნებს, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგებს სექტემბერში,  ჯო ბაიდენთან გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე შეაჯამებს. 

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით შეხვდა აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს, გერმანიის თავდაცვის მინისტრს, ბორის პისტორიუსს, გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცს და ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, დღეს კი იტალიაში, პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის.

„თუ ქვეყანაში არსებული სიტუაცია სექტემბერში გენერალურ ასამბლეაზე გამგზავრების საშუალებას მომცემს, ჩვენ შევაჯამებთ ყველა ამ შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან. შედეგის ძალიან დიდი იმედი მაქვს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დასავლელ პარტნიორებს შორის „ჯერ არ არის კონსენსუსი“ რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.

„მახსოვს, როგორ ვმუშაობდით შესაბამისი იარაღის გამოყენებაზე დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე. მაშინაც არ იყო კონსენსუსი. მაგრამ მნიშვნელოვანია, იპოვო გასაღები, თუნდაც ერთი ქვეყნისთვის და მაშინ სხვებიც შეიძლება მიჰყვნენ. ვიმედოვნებთ, ასეც იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.​​

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი