შემოწმებულია: ოპოზიციის წინააღმდეგ პროპაგანდა ახალი ძალებით ამუშავდა | მაისი-აგვისტოში შექმნილი ყალბი გვერდები

გამოქვეყნდა:

პროპაგანდა პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ ახალი ძალებით ამოქმედდა -  ახლადშექმნილი გვერდები „რეალობა“, "ეროვნება ღირსების გარეშე", "ბრძენი კრიტიკოსი" და "მიხეილ ბიძინაური" უმეტესად  ოპოზიციის  მადისკრედიტებელი შინაარსის პოსტებს აქვეყნებენ. 

გვერდები სოციალურ ქსელში 2024 წლის მაისი-აგვისტოს პერიოდში შეიქმნა და ისინი ძირითადად მოკლე ვიდეოებს, ე.წ. Reels აქვეყნებენ; მიზანი - სხვადასხვა ტიპის ვიზუალური მანიპულაციით, პოლიტიკოსების დისკრედიტაციაა. ოპონენტების გასაშავებლად  ხშირად დამონტაჟებულ ვიდეო ან ფოტო მანიპულაციებს იყენებენ.

გვერდები ანონიმურია და მათ საჯაროდ არ აქვთ მითითებული, არიან თუ არა რომელიმე პარტიასთან კავშირში, თუმცა “მითების დეტექტორმა” ერთ-ერთ ასეთ გვერდზე მითითებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, მის უკან მდგარი პირების იდენტიფიცირება მოახერხა. დანარჩენ შემთხვევაში გვერდების შემქმნელების დადგენა ვერ ხერხდება. 

პროპაგანდისტული გვერდების სამიზნე გახდა ნიკა გვარამიაც.  სამთავრობო POSTV-მ და სხვადასხვა გამოცემებმა პარტია "ახალის" თანადამფუძნებლის ციტატა არასრულად გაავრცელეს, თითქოს გვარამიამ ანტითურქული განცხადება გააკეთა, თუმცა მათ არ გამოაქვეყნეს პოლიტიკოსის სიტყვის ბოლო ნაწილი, რომელშიც გვარამია საკუთარ ნათქვამს აზუსტებს და განმარტავს, რომ არა თანამედროვე თურქეთზე, არამედ ოსმალეთის იმპერიაზე საუბრობს.

"მითების დეტექტორი" აქტიურად აკვირდება წინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებულ დეზინფორმაციებს. ყალბი ინფორმაციის მარტივად გადამოწმების მიზნით ორგანიზაციაში ჩატბოტიც ფუნქციონირებს, სადაც ინფორმაციის გადამოწმების პროცესში მონაწილეობა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი