
ხელისუფლების ახალი ინიციატივის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი სამთავრობო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. პრემიერმინისტრი ამბობს, რომ შეიქმნება სახელმწიფო საგრანტო პროგრამა, რომელიც ფულს მხოლოდ ე.წ აგენტების რეესტრში უკვე დარეგისტრირებულ ორგანიზაციებს მისცემს.
ახლა მთავარი კითხვაა, როგორ უნდა მოახერხონ ორგანიზაციებმა დამოუკიდებელად მუშაობა და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს გაკონტროლება, როცა ფინანსურად სახელმწიფო ბიუჯეტზე იქნებიან დამოკიდებული.
სამოქალაქო ორგანიზაციების ის ნაწილი, რომლებმაც რუსულ კანონს ბოიკოტი გამოუცხადა, დარწმუნებულები არიან, რომ "ქართული ოცნება" დამოუკიდებელი სექტორის მიტაცებას ახლა ამ ფორმით ცდილობს. ამ ფონდის შექმნას ერთადერთი მიზეზი აქვს, ხელისუფლება რუსული კანონით ქართული არასამთავრობო სექტორის დამორჩილებას ვერ ახერხებს, ამიტომ ტენდერების სქემაში ჩართვას სთავაზობს.
არასამთავრობო ორგანიზაციების გაკონტროლებისა და მოსყიდვის მცდელობად აფასებენ მთავრობის ახალ ინიციატივას ოპოზიციაშიც. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ოლიგარქის გუნდმა სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილის აგენტების რეესტრში იძულებით დარეგისტრირება ვერ შეძლო, ახლა სხვა ორგანიზაციებზე გავლენის მოსაპოვებლად ამ გეგმას მიმართა.
ავტორი: დავით კობიძე