ვშიშობ, რომ იქნება ზეწოლა და დაშინების მცდელობა მოსახლეობაზე; ივანიშვილს სხვა ფასეულობები აქვს და ეს არ არის დასავლური | ლორა თორნტონი

გამოქვეყნდა:

გარდა რუსული კანონისა  ის ნაბიჯები, რომელსაც დგამს საქართველოს მთავრობა, როგორ ექცევიან მეგობრებს, ეძახიან მათ საქართველოს მტრებს, ეს ნამდვილად მიიყვანს საქართველოს დასავლეთთან კონფლიქტამდე- აცხადებს მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელი, NDI-ის ყოფილი დირექტორი საქართველოში ლორა თორნტონი "მთავარი არხის" ეთერში და გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობის დაშინებას ეცდება: 

"მე ძალიან შეწუხებული ვარ არჩევნებთან დაკავშირებით, ვშიშობ, რომ იქნება ზეწოლა და დაშინების მცდელობა მოსახლეობაზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პროტესტი სარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, მე ეს შთაბეჭდილება გავუზიარე საქართველოში პოლიტიკოსებს...

თუ არ მიეცემათ არასამთავრობო ორგანიზაციებს დაკვირვების საშუალება, ეს საფრთხეს შეუქმნის არჩევნებს... მე ვიცი, რომ რთული იქნება დამკვირვებლების მოზიდვა, მაგრამ  რაც გავიგე საარჩევნო კომისიისგან და თვითონ დამკვირვებლებისგან, მათ აქვთ იმედი, რომ დაკვირვების შესაძლებლობა ექნებათ.  " ამბობს თორნტონი გადაცემა "დღის სტუმარში".

თორნტონი გამოეხმაურა კონგრესში დაინიცირებულ "ქართველი ხალხის აქტს" და "მეგობარი აქტსაც" და აღნიშნა, რომ მიუხედავად სანქციების დაწესების საფრთხისა, ეს ქართულ ოცნებაზე არ მოქმედებს და ისინი მაინც რუსეთისკენ იხრებიან - "ისინი უფრო იხრებიან რუსეთისა და ჩინეთისკენ და არ აქვთ აშშ-სთან პარტნიორობს სურვილი. მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირსაც მეტი ბერკეტი ექნება ვიდრე აშშ-ს, თუმცა ევროკავშირი უფრო ნელია სანქციების და ზომების მიღებაში, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ გაკეთდება სათანადო განცხადებები კანდიდატის სტატუსზე....  

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია აშშ სავიზოს შემდეგ, უკვე ფინანსურ სანქციებზე გადავიდეს "ოცნების" ხელისუფლების ანტიდემოკრატიული  ქმედებების პასუხად, თორნტონი ამბობს, რომ ასეთ შეზღუდვებს საქართველოს მთავრობაზე მეტი გავლენა ექნებოდა, თუმცა შტატები ზომებს სავარაუდოდ უკვე არჩევნების შემდეგ მიიღებს:

"მე ვფიქრობ, რომ ამას მეტი გავლენა ექნება საქართველოს მთავრობაზე. ჩვენ თვალყურს მივადევნებთ საარჩევნო პროცესს და ამასთან დაკავშირებით მივიღებთ გარკვეულ ზომებს, ამერიკისა და ევროკავშირის პოლიტიკოსები ძალიან ყურადღებით დააკვირდებიან ამ პროცესს. ჩატარდება ალბათ ეგზიტპოლები და ამის მონაცემები უნდა გამოვიყენოთ იმის შესაფასებლად, რამდენად სამართლიანი და თავისუფალი იყო არჩევნები." ამბობს თორნტონი.  

თორნტონი ბიძინა ივანიშვილის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ რთულია მისი ნაბიჯების პროგნოზირება თუმცა მისივე თქმით, ივანიშვილი იქცევა ისე, როგორც ძალაუფლებაში მუდმივად დარჩენის მსურველი ადამიანები იქცევიან: 

"ძალიან რთული ადამიანია ბიძინა ივანიშვილი იმისთვის, რომ წინასწარ განსაჯო რას გააკეთებს. ის არის ძალაუფლებაში და საკუთარ ინტერესებს იცავს. ის ადამიანია, რომლისთვისაც ფასეულობები არ არის მნიშვნელოვანი, მას სხვა ფასეულობები აქვს და ეს არ არის დასავლური. მას ჰქონდა პრეტენზიები ევროკავშირის წევრობაზე, მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდა, რომ იმისთვის, რომ ამ კლუბის წევრი გახდე უნდა დაექვემდებარო გარკვეულ წესებს და ამიტომ მან შეცვალა თავისი დამოკიდებულება. მე ეს სხვა ქვეყნებშიც მინახავს. როცა უნდათ, რომ ჰქონდეთ მუდმივი ძალაუფლება, ცვლიან დამოკიდებულებას დემოკრატიის მიმართ და ეს იქნება მის შემთხვევაში მამოძრავებელი ძალა.  

მაგრამ საქართველოში არის განვითარებული არასამთავრობო სექტორი, განვითარებული მედია და ამ ყველაფრის გაწირვა რთული იქნება" ამბობს თორნტონი.  

რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილს, თორნტონის შეფასებით, პრეზიდენტმა გამოავლინა დიდი გამბედაობა და  გამოიყენა საკუთარი პლატფორმა იმისთვის, რომ ჰქონოდა პირდაპირი საუბარი ქართველ ხალხთან:

"მან გააჟღერა, რომ ქართულ ოცნებას აქვს პრორუსული პოზიცია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან გადადგა ეს ნაბიჯი. მე ვხედავ, რომ მისი განზრახვაა დემოკრატიული შედეგი მივიღოთ ამ ქვეყანაში. მას აქვს უნარი რომ გააერთიანოს ოპოზიციური ძალები ამ არჩევნებისთვის და მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი დამსახურება აქვს ამ პროცესში. მას ჰქონდა სწორი მიდგომა ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებთან და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ არჩევნების დროს" ამბობს თორნტონი "დღის სტუმრის" პირდაპირ ეთერში.

[სინქრონული თარგმანი]

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი