"თუ ოპოზიცია მოიგებს, ეს მოგვცემს შანსს, რომ ავანაზღაუროთ ის რეგრესი, რომელიც ქვეყანამ ბოლო წლებში განიცადა" | საქართველოს საკითხი ჰელსინკის კომისიაზე

გამოქვეყნდა:

ჰელსინკის კომისიის სხდომაზე სომხეთის საკითხზე მსჯელობისას კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებსაც შეეხნენ და საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე ისაუბრეს.

სიტყვით გამოვიდა კარნეგის ფონდის ვიცე პრეზიდენტი დანიელ ბაერი, რომელმაც "ოცნებისა" და ივანიშვილის პრორუსულ პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნებამდე დარჩენილი 50 დღე საქართველოში მნიშვნელოვანი იქნება და რომ 26 ოქტომბერს ქვეყანას აქვს შანსი, დაბრუნდეს განვითარების გზაზე: 

"საქართველოს ამბავი დამთრგუნველი და სამწუხაროა. ამ ქვეყნის დემოკრატიული რეგრესი ნამდვილად გულსატკენია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც მას ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ნათელ წერტილად მიიჩნევდა. საქართველო ასევე დაადანაშაულეს იმაში, რომ რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება, და რომ მისი ტერიტორია გამოიყენება ისეთი საქონლის შესატანად რუსეთში, რომელიც იქ არ უნდა შედიოდეს. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ  მოახდინა რუსული სტილის, არასამთავრობოების საწინააღმდეგო კანონის კოპირება. სენატორმა ჯინ შაჰინმა, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო საქართველოში, თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება პრობლემად მიიჩნევს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ პროდემოკრატიული არასამთავრობოების დაფინანსებას. 

იმედი მაქვს, რომ ჩვენ დავრჩებით საქართველოს გვერდით და ვიქნებით ჩართულები ყველა პროცესში. მათ აქვთ არჩევნები ოქტომბერში და ეს არჩევნები იქნება მართლაც გადამწყვეტი. თუ ოპოზიცია მოიგებს, ეს მოგვცემს შანსს, რომ ავანაზღაუროთ ის რეგრესი, რომელიც ქვეყანამ ბოლო წლებში განიცადა. ვიცით, რომ ევროკავშირმაც შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების პროცესი. ასე რომ, მომდევნო 50 დღე საქართველოში მართლაც გადამწყვეტი იქნება. 

საინტერესოა ასევე საქართველოს პრეზიდენტის პოზიციაც. ორიოდე წლის წინ, როდესაც მე მას შევხვდი და დემოკრატიის რეგრესზე ვესაუბრე, მან მითხრა, რომ ნერვიულობა საჭირო არ იყო და ყველაფერი კარგად იქნებოდა; ახლა კი ის ქართულ ოცნებას, რომელიც მმართველი პარტიაა, ქართულ კოშმარს უწოდებს. ასე რომ, მისი ტონი შეიცვალა და ისიც შეშფოთებას გამოხატავს, ისევე როგორც არასამთავრობოების დიდი ნაწილი." აღნიშნა დანიელ ბაერიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი