"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო შეხვედრებს თბილისშიც იწყებს

გამოქვეყნდა:

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო კამპანიის ახალ ეტაპზე გადადის. დღეს ამომრჩეველს პარტიის და თბილისის ორგანიზაციის ლიდერებმა მიმართეს. თინა ბოკუჩავამ და სოფო ჯაფარიძემ საარჩევნო კოალიციის პროგრამაზე ისაუბრეს და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი რეფერენდუმად ქცეული არჩევნების მნიშვნელობას. და ასევე იმ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ერთადერთი დაპირება უიმედობა და საზოგადოების დაყოფაა, რასაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე  ქართველი ხალხის ნება უნდა დაუპირისპირდეს. ხვალიდან, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე აქტიურ კამპანიას და დედაქალის მოსახლეობასთან შეხვედრას იწყებს.

"მოგესალმებით! მივესალმები ჩემს მშობლიურ თბილისს! ჩვენს საამაყო დედაქალაქს, რომელმაც არაერთხელ აჩვენა, რომ ევროპა ნამდვილად ლისაბონიდან თბილისამდეა. მარტი-აპრილის აქციებზე რუსული კანონის წინააღმდეგ, თბილისმა, ახალგაზრდების განსაკუთრებული ენერგიით, მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ევროპელი ლიდერები აღფრთოვანებით ამბობდნენ, რომ ევროპის გული თბილისში ძგერს. თბილისმა მთელი მსოფლიოს გასაგონად კიდევ ერთხელ თქვა - კი ევროპას! იყო თბილისელი - ნიშნავს იყო ევროპელი. თბილისი საკუთარი არსით და მულტიკულტურული მემკვიდრეობით წმინდა ევროპული ქალაქია - ეს არის ჩვენი ქალაქის ისტორიაც და მომავალიც. თბილისი ყოველთვის იდგა ცვლილებების ავანგარდში. ვიცი, 26 ოქტომბერს ჩემი ქალაქი კიდევ ერთხელ იტყვის თავის ევროპულ სიტყვას.

26 ოქტომბერს ყველა თბილისელს გვაქვს არჩევანი: ევროპული კეთილდღეობა თუ სიღატაკე იზოლაციაში - გაღარიბებული თბილისელების ხარჯზე კორუფციით გამდიდრებული თბილისის მერი თუ ხალხის მიმართ ანგარიშვალდებული კოალიციური მთავრობა - დაკარგული ინვესტიციები თუ წვდომა 14 მილიარდიან ევროკავშირის გაწევრიანების ფონდზე, - 14 მილიარდი, რომლითაც თბილისში ავაშენებთ სკოლებს და საბავშვო ბაღებს, საერთო საცხოვრებლებს სტუდენტებისთვის - 14 მილიარდი ეკოლოგიური პროექტებისთვის, პარკების და სპორტული კომპლექსებისთვის - 14 მილიარდი შემოვლითი რკინიგზის გზისთვის, რათა თბილისელები ნახევარ ცხოვრებას საცობებში არ ატარებდნენ - 14 მილიარდი ევროპული კეთილდღეობისთვის, რომელიც ერთი ხელის გაწვდენაზეა მჯერა, თბილისი თავის ევროპულ არჩევანს ამაყად გააკეთებს 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე, - თქვა თინა ბოკუჩავამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი