ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა

გამოქვეყნდა:

21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანი მოსამართლე გიორგი გელაშვილმა დამნაშავედ ცნო. ცინდელიანს სასჯელის სახით უვადო პატიმრობა მიესაჯა.

განაჩენის გამოცხადებამდე ბრალდებულმა მხოლოდ ის თქვა, რომ "ინანიებს".

მოსამართლემ ცინდელიანი დამნაშავედ ცნო გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში.

დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ბრალდებულს დანაშაული გენდერის ნიშნით არ ჩაუდენია და მკვლელობის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენასაც გამორიცხავდა.

ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. ახალგაზრდა ქალს 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.

მკვლელობის ბრალდებით ოთარ ცინდელიანი დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით). ცინდელიანი პოლიციაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა პროკურატურამ, რომელშიც ნათქვამია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 28 თებერვალს, თბილისში, სოფ. წინუბანში, ბრალდებულმა მეგობარ ქალს განსაკუთრებული სისასტიკით, დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი