"ხელისუფლებამ მაისში კანონში შეიტანა იმგვარი ცვლილება, რომელიც მას რუსულ კანონზე მძლავრ ბერკეტად აქცევს" | "ოცნების" რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები სასამართლოში გასაჩივრდა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, გახმაურების გარეშე, ორ კანონში სკანდალური ცვლილებები შეიტანა - სამოქალაქო აქტივისტებმა და იურისტებმა გაარკვიეს, რომ რუსულ კანონთან ერთად მმართველმა პარტიამ მიიღო ცვლილებები, რომლებიც კიდევ უფრო დაამძიმებს არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და უბრალოდ ნებისმიერი კრიტიკულად განწყობილი ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას.

ცვლილებები შევიდა საქართველოს ორგანულ კანონში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" - სწორედ ამ კანონში შეტანილი ცვლილებებით ირკვევა, რომ "ოცნებამ" ანტიკორუფციულ ბიუროს ფაქტობრივად განუსაზღვრელი უფლებები მიანიჭა. ახლა პრემიერმინისტრს დაქვემდებარებული უწყება უფლებამოსილია გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის შესახებ.

ცვლილება უკვე შეეხო მოძრაობა "აირჩიე ევროპას" ერთ-ერთ დამფუძნებელს ხათუნა ლაგაზიძეს. ლაგაზიძის პირადი ფინანსური ინფორმაცია შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვეს. ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებებს ხათუნა ლაგაზიძე სასამართლოში ასაჩივრებს. მისი შეფასებით, ეს პოლიტიკურად აქტიური ადამიანების და მედიის წარმომადგენლების შეზღუდვის კიდევ ერთი მექანიზმია. მისი თქმით, მოძრაობა აირჩიე ევროპის მოწოდება, რომ  26 ოქტომბერს გააკეთონ არჩევანი საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს როგორც ორგანიზაციის დამფუძნებლების, ისე ცალ-ცალკე ფიზიკური პირების, ფინანსური დევნა გამოეცხადებინა.

"ვიწყებთ ბრძოლას იმისათვის, რომ ანტიკორუფციული ბიუროს და ხელისუფლების უკანონო ქმედებებმა საფრთხე არ შეუქმნას საქართველოს საბანკო სისტემის სტაბილურობას, რაც გამოიწვევს საქართველოს თითოეული მოქალაქის გაკოტრებას. ჩვენი ბრძოლა დღეს არის ბრძოლა საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის უფლებისთვის, განურჩევლად იმისა, რომელი პარტიისადმი აქვს სიმპათიები. ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც შეიქმნა დასავლეთის აქტიური მხარდაჭერით, ხელისუფლების ხელში იქცა ტოტალური დაშინების მანქანად და ბიურო რომელსაც არ გამოუძიებია არცერთი ხმაურიანი საქმე საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე, იქცა ტერორის იარაღად ფიზიკური პირების და სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ. ხელისუფლებამ მაისში კანონში შეიტანა იმგვარი ცვლილება, რომელიც მას რუსულ კანონზე მძლავრ ბერკეტად აქცევს," - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ, მისი თქმით, კანონი ჩრდილო კორეული კანონების მსგავსია და ქვეყანა მიჰყავს გაფორმებული დიქტატურისკენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი