"ცხადია, "უცხოური აგენტების კანონი" ბევრად უფრო ჰგავს რუსული "საგარეო აგენტების შესახებ" კანონმდებლობას, ვიდრე დასავლური ქვეყნის ნებისმიერ კანონმდებლობას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩემი გადასაწყვეტი არ გახლავთ, რა კურსს აირჩევს საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ ქართველმა ხალხმა უნდა შეაფასოს საკუთარი ხელისუფლება კრიტერიუმებით, რამდენად განაგრძობს დემოკრატიული ნორმებით სვლას, თუ მიჰყვება კურსს, რომელიც რუსეთმა განახორციელა. ჩვენ ვნახეთ რუსეთში ქმედებები, რაც შემდეგ გაფართოვდა მის საზღვრებს გარეთაც, როდესაც მოისყიდეს მედია, შეავიწროვეს სამოქალაქო საზოგადოება მათი სტატუსის ცვლილებით "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის გამოყენებით. ასევე, ღონისძიებები, რაც მიმართულია დემოკრატიული ნორმების შეზღუდვისთვის და დროთა განმავლობაში, თანდათანობით, ავტორიტარული სახელმწიფოს დასანერგად გამოიყენება. ჩვენ ეს არაერთხელ გვინახავს. და მე უბრალოდ ვაფრთხილებ, რომ თუ ეს არის ის, რაც საქართველოში ხდება, მაშინ ხალხმა ამის შესახებ უნდა იცოდეს.
როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ათეულობით იმ ადამიანისთვის, ვინც ანტიდემოკრატიულ ქმედებებში იყო ჩართული, სავიზო შეზღუდვა დავაწესეთ. მათ შორის, მმართველი პირებისა და პარლამენტის წევრების მიმართ. ჩვენ გვაქვს სხვა უფლებამოსილებები, რომელთა მიღებაც შეგვიძლია. ასევე, დავაწესეთ სანქცია ქართველი მოსამართლეებისთვის, რომელთა ქმედებები არ შეესაბამებოდა კანონის უზენაესობას. ჩვენ გამოვიყენეთ ანტიკორუფციული მექანიზმებიც. ჩვენ გავაგრძელებთ ამ სახის ინსტრუმენტების გამოყენებას, რათა ანტიდემოკრატიული ქმედებებში ჩართულ ინდივიდებს პასუხისმგებლობა დავაკისროთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არჩევნები გახლავთ გარდამტეხი მომენტი საქართველოს მოქალაქეებისთვის და არჩევანი მათზეა".
ამბობს "გლობალ ნიუსთან" ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწე და თეთრ სახლში, შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორი, მაიკლ კარპენტერი.