სასამართლომ "მთავარი არხის" წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა | ტელევიზია 5 000 ლარით დაჯარიმდა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ  "მთავარი არხის" წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, ტელევიზია 5 000 ლარით დაჯარიმდა. საქმე ეხება ეთერში სიძულვილის შემცველი "ოცნების" წინასაარჩევნო კლიპის არგაშვებას.

"მთავარი არხის" იურისტების შეფასებით, კლიპი სიძულვილის ენის შემცველია, ახალისებს ძალადობას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს წარმომადგენლების მიმართ და ეწინააღმდეგება მაუწყებლობის შესახებ კანონს. "მთავარი არხის" იურისტი, თამთა მურადაშვილი განმარტავს, რომ წინასაარჩევნო რეკლამა არის ისეთი რეკლამა, რომელიც თავად პოლიტიკური სუბიექტის, ანუ პარტიის ხელშემწყობია, ან სხვა პოლიტიკური სუბიექტის ხელშემშლელი, ხოლო აღნიშნულ კლიპში სამიზნეში სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან ამოღებულნი. "მთავარმა" "ოცნებას" მიმართა დაეკორექტირებინა კლიპი ან მის ნაცვლად სხვა წარედგინა, თუმცა პარტიამ იჩივლა.

"მთავარი არხი" გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს. 

"არც მქონდა იმედი, რომ განსხვავებული შედეგი დადგებოდა. რა თქმა უნდა, საქართველოს კორუმპირებული სასამართლო დაუჭერდა მხარს კომუნიკაციების კომისიას და ამ ჯარიმას დაადასტურებდა, არც აქვს მნიშვნელობა მოსამართლეს პრინციპში, ეს მოსამართლე იქნებოდა თუ სხვა, სასამართლო რადგან კოორდინირებულად მოქმედებს ხელისუფლებასთან, აუცილებლად მიიღებდა გადაწყვეტილებას კრიტიკული არხის წინააღმდეგ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს არ გვაშინებს და გავაგრძელებთ ბრძოლას", - თქვა "მთავარი არხის" იურისტმა, თამთა მურადაშვილმა. 

იგივე კლიპი არც "ფორმულამ" და "ტვ პირველმა" გაუშვეს ეთერში, ამ ტელევიზიებსაც დღევანდელი გადაწყვეტილების მიხედვით, კომუნიკაციების კომისიამ სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და დააჯარიმა.

გარდა ამისა, გუშინ კომუნიკაციების კომისიამ "ოცნების" კიდევ ერთი საჩივარი დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის, "მთავარი არხის", "ტელეკომპანია პირველისა" და "ფორმულას" წინააღმდეგ. ComCom-მა ტელეკომპანიებს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა, თუმცა სასამართლოს მაუწყებლების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს, რადგან მიიჩნევს, რომ მაუწყებლები არ უნდა დაჯარიმდნენ. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი