კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ "მთავარის" საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება | ComCom-მა "ოცნების" კიდევ ერთი საჩივრის გამო ოქმი 4 არხს შეუდგინა

გამოქვეყნდა:

დღეს 3 საათზე საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს და იტყვის დაარღვია თუ არა კანონი "მთავარმა არხმა", როდესაც ეთერში სიძულვილის შემცველი "ოცნების" წინასაარჩევნო კლიპი არ გაუშვა. მოსამართლემ გუშინდელ სხდომაზე მოისმინა მხარეების პოზიციები. 

"მთავარი არხის" იურისტების შეფასებით, კლიპი სიძულვილის ენის შემცველია, ახალისებს ძალადობას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს წარმომადგენლების მიმართ და ეწინააღმდეგება მაუწყებლობის შესახებ კანონს. იურისტი თამთა მურადაშვილი განმარტავს, რომ წინასაარჩევნო რეკლამა არის ისეთი რეკლამა, რომელიც თავად პოლიტიკური სუბიექტის, ანუ პარტიის ხელშემწყობია, ან სხვა პოლიტიკური სუბიექტის ხელშემშლელი, ხოლო აღნიშნულ კლიპში სამიზნეში სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან ამოღებულნი.

"მთავარმა" "ოცნებას" მიმართა დაეკორექტირებინა კლიპი ან მის ნაცვლად სხვა წარედგინა, თუმცა პარტიამ იჩივლა და ტელევიზია 5 000 ლარით დაჯარიმდა. დღეს მარეგულირებელი იგივე საკითხს განიხილავს "ტვ პირველთან" მიმართებაში, შემდეგ კი იმსჯელებს "ფორმულაზე", რადგან არც ამ ტელევიზიებმა გაუშვეს ეთერში აღნიშნული კლიპი. 

გარდა ამისა, 12 სექტემბერს, კომუნიკაციების კომისიამ "ოცნების" კიდევ ერთი საჩივარი დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის, "მთავარი არხის", "ტელეკომპანია პირველისა" და "ფორმულას" წინააღმდეგ. ComCom-მა ტელეკომპანიებს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა, თუმცა სასამართლოს მაუწყებლების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს, რადგან მიიჩნევს, რომ მაუწყებლები არ უნდა დაჯარიმდნენ. 

"საქმე ეხება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საჩივარს, რომლის თანახმადაც არ შეიძლება ერთმა საარჩევნო სუბიექტმა მისთვის დათმობილი საეთერო დროის ფარგლებში სხვა საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ განათავსოს რეკლამა. საჩივრის თანახმად „ევროპულმა საქართველომ“ და „კი ევროპას“ საჯაროდ განაცხადეს, რომ 2024 წლის არჩევნებში „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთიანდებიან. ამასთან, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოქალაქეები“ გაერთიანებულია პარტიასთან - „ლელო“. საჩივრის მიხედვით, „ევროპული საქართველო“, „კი ევროპას“ და „მოქალაქეები“ ათავსებენ უფასო პოლიტიკურ რეკლამას „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“, „მთავარ არხზე“, „ტვ პირველსა“ და „ფორმულაზე“. გარდა ამისა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ დამოუკიდებლად ათავსებენ პოლიტიკურ რეკლამას აღნიშნულ მაუწყებლებზე.

საჩივარში ასევე საუბარია უფასო სარეკლამო დროის გადანაწილებაზე ბლოკში შემავალი პარტიებისთვის და აღნიშნულია, რომ „მთავარ არხსა“ და „ტვ პირველზე“ პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობასა“ და „ახალ ერთობა გვარამია მელიას“ ეთმობა იმაზე მეტი უფასო სარეკლამო დრო ვიდრე ეს „საარჩევნო კოდექსით“ არის განსაზღვრული. [...] 

ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიას აქამდე არ უმსჯელია, რადგან აღნიშნული პრობლემა დღის წესრიგში არ დამდგარა. პრეცედენტულობიდან გამომდინარე კომუნიკაციების კომისიამ საკითხი საფუძვლიანად შეისწავლა და დაადგინა, რომ მაუწყებლები არასწორად ანაწილებდნენ საეთერო დროს. საარჩევნო სუბიექტებს უნდა მიეცეთ ის უფასო სარეკლამო დრო, რაც თავიდანვე კანონის მიხედვით ეკუთვნით, იმის მიუხედავად რამდენი სუბიექტი წარადგენს მაუწყებელში რეკლამას ან რამდენი მოიხსნება რეგისტრაციიდან", - წერია განცხადებაში.

 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი