ბოლო დროს, საოკუპაციო ძალებმა ქარელის და გორის სოფლებში სამუშაოები 8-ჯერ განაახლეს თუმცა, არც ერთხელ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამის შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია.
ცხინვალის ციხიდან სულ ცოტა ხნის წინ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე გათავისუფლდა. ლაშა ხეთერელი 2023 წლის 3 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარედ დააკავეს უკანონოდ, უჩა ჯოხაძე კი 10 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მიმდებარედ. ისინი უკვე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
ლაშა ხეთერელს პატიმრობის ვადა ამოეწურა, 10-თ სექტემბერს დაკავებული უჩა ჯოხაძის შესახებ კი ერგნეთის ბოლო შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების პარალელურად ოკუპანტი რუსეთი საქართველოს ახლად მიტაცებული ტერიტორიების მავთულხლართების მიღმა მოსაქცევად ემზადება. უკანონო ბორდერიზაციის 8 ახალი შემთხვევის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია, მხოლოდ თითქმის ორი თვის შემდეგ გაავრცელა. ადგილობრივები ამბობენ, რომ თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ, ვერ დადიან ვერც სალოცავში და ვერც საქონელს უშვებენ კუთვნილ საძოვრებზე.
საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოქალაქეებს უკვირთ, რატომ არ ინტერესდება პრემიერი რა მძიმე პირობებში უწევთ მათ ცხოვრება. უკვირთ ისიც რატომ არ ჩადიან ადგილზე მთავრობის წევრები. არასათანადო რეაგირებას კი მათ პრორუსულ პოლიტიკას უკავშირებენ, ფიქრობენ, რომ ,,ქართულ ოცნებას’’ არჩევნების წინ არ სურს პრობლემებზე საუბარი.
ადგილობრივთა პრობლემებს კარგად იცნობს ხურვალეთში მცხოვრები ლუდა სალია. მისი თქმით ხურვალეთში რუსეთმა ყველაფერი, რისი ოკუპაციაც შეიძლებოდა უკვე მიიტაცა და ახლა სხვა სოფლებზე გადავიდა.
რუსეთის ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომლის ნაწილია მცოცავი ოკუპაცია. ასე აფასებენ ექსპერტები შექმნილ ვითარებას.
უკანონო ბორდერიზაციის 8 ახალი ფაქტი 23 ივლისიდან 12 სექტემბრის პერიოდში გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლებში გამოვლინდა, სადაც სპეციალური ხანძარსაწინააღმდეგო თხრილები გაკეთდა, ასევე აღიმართა რკინის ძელები, რომლებზეც სავარაუდოდ მავთულხლართებს დაამაგრებენ და საქართველოს მოქალაქეებს მიახლოებას აუკრძალავენ.
ამავე პერიოდში უკანონოდ დააკავეს საქართველოს და ტაჯიკეთის მოქალაქეები. უცხო ქვეყნის მოქალაქეები მალევე გაათავისუფლეს. საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში კი დღეს გათავისუფლებული ჯოხაძისა და ხეთერელის გარდა, საქართველოს კიდევ 8 მოქალაქე რჩება.
ოფიციალურმა თბილისმა ერგნეთის შეხვედრაზე უკანონო დაკავებული ყველა მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა როდის შეძლებენ ისინი სახლებში დაბრუნებას ეს გაურკვეველია.