ისნისა და მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიებში ტრენინგებზე ოპოზიციის წევრები არ შეუშვეს

გამოქვეყნდა:

ისნისა და მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელების ტრენინგზე ოპოზიციის წევრები არ დაუშვეს. ცესკოს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე პირებს თავმჯდომარეებმა განუცხადეს, რომ მათ აღნიშნულ ტრენინგზე დასწრების უფლება არ ჰქონდათ და ოთახი, სადაც პროცესი მიმდინარეობდა, უნდა დაეტოვებინათ.

"ევროპული საქართველოს", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ისნის საოლქო კომისიის წევრები განმარტავენ, რომ ისინი ამ შენობის სრულუფლებიანი თანამშრომლები არიან და ყველა პროცესში აქვთ მონაწილეობის მიღების უფლება. მათივე თქმით, ისინი ტრენინგს იმის გასაგებად ესწრებოდნენ თუ რისი სწავლება ხდებოდა იქ და იყო თუ არა პროცესი გამჭვირვალე. 

"ევროპული საქართველოს" საოლქო კომისიის წევრის სალომე ვადაჭკორიას განმარტებით, აღნიშნული ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ "ტრენინგზე ისეთი თემების სწავლება მიმდინარეობს, რომლებიც არ უნდა იქნეს განხილული ფართო საზოგადოებისთვის. შესაძლებელია ეს ეხებოდეს არჩევნების გაყალბებას და იმ პროცესებს, რომლებიც თან სდევს ახალ არჩევნებს".

საოლქო კომისიის წევრების განცხადებით, ისინი მომხდარს აუცილებლად გაასაჩივრებენ ზემდგომ საარჩევნო კომისიაში.

მსგავსი შემთხვევა იყო მთაწმინდის ნომერ პირველ საოლქო კომისიაშიც, სადაც კომისიის წევრს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", აკაკი ებრალიძეს ტრენინგი დაწყებიდან 10-15 წუთში, სამართლებრივი არგუმენტის გარეშე, დაატოვებინეს.

"აღნიშნულ ტრენინგზე დასწრებასთან დაკავშირებით, გუშინ, 13 სექტემბერს მივმართე მთაწმინდის ნომერ პირველი საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, რაზეც მან თანხმობა განმიცხადა. დღეს, 14 სექტემბერს გამოვცხადდი აღნიშნულ ტრენინგზე და ტრენინგის დაწყებიდან დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ ტრენერმა, იგივე მთაწმინდის ნომერ პირველი საოლქო კომისიის თავმჯდომარემ განმიცხადა, რომ აღნიშნულ ტრენინგზე დასწრების უფლება არ მქონდა და დამეტოვებინა ტრენინგი. რა თქმა უნდა, მოვითხოვე სამართლებრივი საფუძველი თუ რის გამო არ მქონდა უფლება დავსწრებოდი ამ ტრენინგს. სამწუხაროდ, პასუხი ვერ მივიღე და ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი ვერ დამისახელეს, თუ რატომ უნდა დამეტოვებინა ტრენინგი," - განაცხადა აკაკი ებრალიძემ.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი