იოსებ ბაბაევს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან | საპოლიციო ძალები მის რესტორანშიც არიან მობილიზებულნი

გამოქვეყნდა:

ანტისაოკუპაციო რესტო ბარის მფლობელი, ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი იოსებ ბაბაევი გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, ბაბაევს პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას ედავებიან.

იოსებ ბაბაევის საქმეზე გორის რაიონულ სასამართლოს დღეს უნდა ემსჯელა, თუმცა ბიზნესმენი სასამართლოში არ გადაიყვანეს, რის გამოც, მას, სავარაუდოდ, 2 დღის წინასწარი დაკავების იზოლატორში გატარება მოუწევს.

სამთავრობო მედიების განცხადებით, ბაბაევი იმ ტერიტორიაზე ცდილობდა შეჭრას სადაც "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ღონისძიება იმართება და სადაც ბიძინა ივანიშვილი სიტყვით უნდა გამოვიდეს, თუმცა ვიდეოკადრში ჩანს, რომ დაკავებული საკუთარ რესტორანში პროდუქტების მისატანად მანქანით ცდილობდა მისვლას, რა დროსაც მას საპოლიციო ძალებმა გზა გადაუკეტეს და დააკავეს.

პოლიციელები, ამ დროისთვის, იოსებ ბაბაევის რესტორნის ტერიტორიაზეც არიან მობილიზებულნი, მათ შესასვლელთან "ქართული ოცნების" ბანერები განალაგეს.

"საკუთრების უფლების დემონსტრაციულ დარღვევას აქვს ადგილი. გამომდინარე იქიდან, რომ არავითარი ნებართვა, არავითარი სასამართლოს განჩინება, ან თუნდაც გამომძიებლის დადგინება იმის თაობაზე, რომ ეს ადამიანები აქ იმყოფებოდნენ არ არსებობს. ისინი მიუთითებენ, რომ თითქოს ნებართვა აქვთ, ნებართვის გამცემი პირი ვერ მოვიძიეთ აქ.

თვითონ მესაკუთრე იოსებ ბაბაევი წინააღმდეგია ამ ადამიანების. ჩვენც და მისმა წარმომადგენელმაც მიუთითა მათ, რომ დატოვონ ეს ტერიტორია, თუმცა ისინი არ აპირებენ, რომ დატოვონ ტერიტორია და აგრძელებენ საკუთრების უფლების უხეშ, მანიფესტაციურ დარღვევას და ჩვენ ვაპირებთ, რომ გამოვიძახოთ საპატრულო პოლიცია და დავაფიქსირებინოთ ეს სიტუაცია და შემდეგ უკვე დაიწყოს გამოძიება ამ ადამიანების მიმართ, რამდენადაც ისინი ჩადიან სისხლის სამართლის დანაშაულს," - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ლექსო მერებაშვილმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი