რუსული კანონის მოწინააღმდეგე დიპლომატს საგარეომ საყვედური გამოუცხადა | ალექსანდრე გოგოლაძის საქმე

გამოქვეყნდა:

სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველს მდივანს, ალექსანდრე გოგოლაძე, რომელმაც 1-ელ მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო პოსტი დაწერა, საგარეო საქმეთა სამინისტრო დისციპლინურ გადაცდომას ედავება და ამტკიცებს, რომ გოგოლაძემ მივლინების გამოყენებისას დადგენილი წესებით არ იხელმძღვანელა:

"სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივნის, ალექსანდრე გოგოლაძის მიმართ დისციპლინარული წარმოება განხორციელდა მის მიერ შინაგანაწესის უხეშად დარღვევის ფაქტზე. კერძოდ, ალექსანდრე გოგოლაძემ შესაბამისი პროცედურის დარღვევით, საპატიო მიზეზის გარეშე, გრძელვადიანი მივლინებით ადგილსამყოფელი ქვეყანა, სომხეთის რესპუბლიკაში თვითნებურად დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე გოგოლაძე სამსახურში არ გამოცხადდა 2 სამუშაო დღე. საზღვარგარეთ გრძელვადიანი სამუშაო მივლინებით მყოფი მოხელე, გარდა თანამდებობრივი სარგოსი, სარგებლობს გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურებით, სწორედ იმის გათვალისწინებით რომ იგი უნდა იმყოფებოდეს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში და ახორციელებდეს მასზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს.

ჩატარებული დისციპლინური წარმოების შედეგად დადგინდა, რომ ალექსანდრე გოგოლაძის მხრიდან დაირღვა როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული პირის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესი, რომელიც გულისხმობს ადგილსამყოფელი ქვეყნის შესაბამისი ნებართვის გარეშე დატოვების აკრძალვას, რის გამოც მას გამოეცხადა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური. ამასთან, დისციპლინარული წარმოებისას მას მიეცა შესაძლებლობა წარმოედგინა შესაბამისი ახსნა-განმარტება, მის მიერ შინაგანაწესის დარღვევის მიზეზთან დაკავშირებით, რაც მას ფაქტობრივად არ განუხორციელებია. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ალექსანდრე გოგოლაძე დღემდე იკავებს დიპლომატიურ სამსახურში შესაბამის პოზიციას, თუმცა გამოვლენილი უნარ-ჩვევების გათვალისწინებით გაგზავნილ იქნა შესაბამის ტრენინგზე.

მოვუწოდებთ, როგორც თავად ალექსანდრე გოგოლაძეს, ასევე ამ საქმით დაინტერესებულ ყველა აქტორს, თავი შეიკავონ პოლიტიკური სპეკულაციებისგან და საგარეო საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაციის მიზნით ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან“, - აღნიშნავენ საგარეო უწყებაში.

გოგოლაძემ კი სომხეთის რესპუბლიკა  მამის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, საქართველოს ელჩთან წინასწარი შეთანხმებით დატოვა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მისი ინტერესების დაცვის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი შეტანილ სარჩელში ითხოვს, გოგოლაძის მიმართ დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის გაუქმებას, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას.

"იმ დღიდან, როდესაც საჯაროდ დავდექი ისტორიის სწორ მხარეს, მინისტრის ნაჩქარევი გადაწყვეტილების გამო, სამინისტრო იძულებული გახდა ჩემს მიმართ დაერღვია რამდენიმე კანონი. საქმის დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. სოციალური სამართლიანობის ცენტრის გვერდზე დევს პრეს-რელიზი, სადაც აღწერილია ჩემი საქმე.

სამწუხაროდ, ზოგს მიაჩნია, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს, რომ სისტემის ზეწოლა არნახულად დიდია. მე ეს ჩემს თავზე უკვე განვიცადე. წნეხი, რაც რეჟიმს შეუძლია გამოიყენოს შენს დასაჩაგრად, თავიდან, შთამბეჭდავად გეჩვენება. თუმცა, ეს გრძნობა დროებითია. იმავე წამს ქრება, როგორც კი იაზრებ, რომ საპირისპირო მხარეს ადამიანის სულის ბუნებრივი მოთხოვნა - თავისუფლებაა! ეს ის ძალაა, რომელსაც ვერცერთი რეჟიმი წინ ვერ დაუდგება, რაც არ უნდა დაუნდობელი და გამწარებული იყოს.

როდესაც ჩვენს ქვეყანაში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენები ვითარდება, ერთი რიგითი დიპლომატის ბრძოლა რეჟიმის უსამართლობისა და ძალადობის წინააღმდეგ, შესაძლოა, უმნიშვნელოდ ჩანდეს. მაგრამ, მე ასე არ ვთვლი! ყველა ქართველის სიტყვა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სისტემის რიგითი თანამშრომლების. ხშირად, ჩვენს მიერ დარღვეული დუმილი უფრო მტკივნეულად ჟღერს, ვიდრე ელჩების, თუ სხვა მაღალი თანამდებობის პირებისა.

მინდა ყველა ქართველ საჯარო მოხელეს მივმართო, ვისაც გული შესტკივა ჩვენს ქვეყანაზე, ვინც აირჩია ნათელი მომავალი, ევროპული მომავალი!

ვიცი, როგორი გაუსაძლისია თქვენთვის ეს ვითარება, სადაც მოკლებული ხართ სიტყვის თავისუფლებას, ხოლო ნებისმიერი საპირისპირო ხედვა დასჯადია. ამის მიუხედავად, ვიცი, რომ მაინც ცდილობთ დაიცვათ ქვეყანა როგორც გარე, ისე შიდა მტრებისგან. ნუ იფიქრებთ, რომ მარტო ხართ, ნუ იფიქრებთ რომ თქვენს ძალისხმევას არ აქვს გავლენა. ზუსტად რიგით თანამშრომლებზე დგას სისტემა. რეჟიმი გრძნობს თქვენს ძალას და ამიტომ იძულებულია, გაზარდოს წნეხი. ტირანია მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა, ეს რეპრესიული წნეხი მხოლოდ ნიღაბია, რომლის უკან დიდი შიში იმალება, შიში თქვენს მიმართ!

ისინი დარწმუნებული არიან, რომ ჩვენი დაჩაგვრა მარტივად გამოუვათ, დაგვადუმებენ და ღირსებას ჩამოგვართმევენ. მაგრამ, ცდებიან! მჯერა, რომ მალე მოვა დრო, როდესაც ყველა ჩვენგანის ბრძოლაში შეტანილი მცირედი წვლილი, ერთიანად, გაუსაძლისი აღმოჩნდება რეჟიმისთვის და იგი გატყდება!

მე თავს არ ვგრძნობ მარტოდ! ვიცი, რომ ზურგს უამრავი ადამიანი მიმაგრებს, თავისუფლების მოყვარე მეომრები. მალე მოვა დღე, როდესაც საქართველო განთავისუფლდება, მაგრამ ამისთვის, უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა!“ - წერს თავად გოგოლაძე სოციალურ ქსელში.

1-ელ მაისს კი მან დაწერა:

"როგორც ჩემი სამშობლოს ერთგული (მოქმედი) დიპლომატი, მე იძულებული ვარ დავარღვიო დუმილი და საჯაროდ გამოვთქვა ჩემი უთანხმოება იმ საგარეო პოლიტიკის მიმართ, რაც ხელისუფალმა შემოგვთავაზა.

ბუნებრივია, ვგმობ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს, ვგმობ იმ ძალადობას, რაც ხელისუფალმა დემონსტრაციულად გამოიყენა ჩვენი საზოგადოების ყველაზე სათუთ, გასაფრთხილებელ ფენაზე — ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ვერ დავრჩები გულგრილი და ვუერთდები პროტესტს რუსთაველზე!

მივმართავ ჩემს კოლეგა დიპლომატებს! მესმის და ვიზიარებ თქვენს მდგომარეობას, ყველა ვიბრძვით ისე, როგორც შეგვიძლია! საგარეო უწყებაში ძალიან ბევრი ღირსეული, მებრძოლი სულისკვეთების და ნამდვილი პატრიოტი მოღვაწეობს! არ მოგიწოდებთ, უბრალოდ ღრმად მწამს, რომ თქვენ გადამწყვეტ სიტყვას იტყვით!

ამ ქვეყნის მომავალი ჩვენს ხელშია! "

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი