უკრაინის არმიამ კურსკის ოლქის სამხრეთ-დასავლეთით, სავარაუდოდ, საზღვარი გაარღვია | წყაროები ახალი შეტევის შესახებ იუწყებიან

გამოქვეყნდა:

უკრაინის არმიამ რუსეთის კურსკის ოლქის სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ ვესელოეს მახლობლად, სავარაუდოდ, საზღვრის გარღვევა მოახერხა. ინფორმაციას ახალი შეტევის შესახებ რუსი სამხედრო ბლოგერები ავრცელებენ. 

"ეხო კავკაზა" წერს, რომ არაერთი წყარო, მათ შორის ომის მომხრე ბლოგერები იტყობინებიან, რომ ბრძოლები სოფელშიც მიმდინარეობდა და შესაძლოა ის უკვე დაიკავეს უკრაინელმა სამხედროებმა.

სხვა წყაროები კი წერენ, რომ შეტევა შეჩერდა ვესელოეს გარეუბანში და ბრძოლები მიმდინარეობს სოფელ ნოვი პუტში, საზღვრიდან ორ კილომეტრში.

NASA-ს თანამგზავრებმა შაბათს ნაშუადღევს ორივე სოფელში- ნოვი პუტსა და ვესელოეში ხანძარი დააფიქსირეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ თემაზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ ამ ტერიტორიაზე რამდენიმე თავდასხმის მცდელობა მოიგერია. 

ოფიციალური კომენტარი ჯერ არც კიევში გაკეთებულა.

უკრაინული პროექტი DeepState აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს წინსვლა კურსკის რეგიონის სხვა რაიონში, კორნევის მახლობლად და აიღეს კონტროლი ვეტრენოსა და დუროვკაზე. ამავდროულად, რუსმა სამხედროებმა  სოფელი სნაგოსტი დაიკავეს და იბრძვიან ლუბიმოვკასთვის, რომელიც უკრაინამ აგვისტოში დაიკავა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი