ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს გორის და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლები ეხმაურებიან. მათი შეფასებით ოლიგარქმა შეურაცხყო როგორც დევნილები, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირებიც.
"გუშინ ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ ბოდიში უნდა მოვიხადოთ ოს და აფხაზ ძმებს ანწუხელიძის სიკვდილისთვის, ბოდიში უნდა მოვუხადო სახლ-კარი რომ დამატოვებინეს და დევნილები რომ უსახლკაროდ დავეხეტებით იმისთვის, ბოდიში უნდა მოვუხადო ჩემი ქმრის საქართველოსთვის უგზოუკვლოდ დაკარგვის გულისთვის. დედებისთვის, რომლებსაც ჯერ შვილის საფლავებისთვის ვერ მიუგნიათ, ამისთვის უნდა მოვიხადოთ ბოდიში.
მე მინდა ვუთხრა მას, რომ აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს. თქვენ ვერასოდეს ვერ შეხვალთ საქართველოს ისტორიაში როგორც ლიდერი, თქვენ შეხვალთ, როგორც ფულიანი კაცი და ვერასდროს ჩაეწერებით, როგორც მამულიშვილი," - აცხადებს აფხაზეთიდან დევნილი ნონა ვიკანი, რომელიც ამჟამად გორში ცხოვრობს.
ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალის მიმდებარედ მოკლული თამაზ გინტურის ძმა, გივი გინტურიც. მისი თქმით, ივანიშვილმა თავისი გამოსვლით რუსები და ოსები გაახარა.
"2008 წლის ომში დაღუპული გმირების მშობლებს რა პასუხი უნდა გასცენ. რუსებმა ომი დაიწყეს და ეუბნებიან ოსებს ბოდიში უნდა მოუხადოთო. რუსებმა უნდა მოგვიხადონ ბოდიში. შარშან 26 ნოემბერს ჩემი ძმა მოკლეს სოფელ კირბალში ეკლესიის ეზოში. ეს რა მშვიდობაა, ხალხი თავისუფლად ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს, ეშინიათ. ივანიშვილმა თავისი გამოსვლით რუსები და ოსები გაახარა. უნდათ რომ რუსეთს დავუბრუნდეთ, შევუერთდეთ და რუსეთის ჭაობში ჩაიხრჩოს მთლიანი საქართველო," - აღნიშნა გივი გინტურმა.