"მე ვარ ეთნიკურად ოსი და ვთვლი, რომ ქართველებს არანაირი ბოდიში არ აქვთ მოსახდელი ოსების წინაშე" | შეფასებები ივანიშვილის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

მე ვარ ეთნიკურად ოსი, თუმცა ვთვლი, რომ ქართველებს არანაირი ბოდიში არ აქვთ მოსახდელი ოსების წინაშე. პირიქით, ოსებმა კარგად უნდა გაიაზრონ თავიანთი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე. კარგად გაიაზრონ, სად არის სწორი მხარე, ისტორიის რომელ მხარეს უნდა იდგნენ და შესაბამისი არჩევანი გააკეთონ, - ასე აფასებს ეთნიკურად ოსი სალომე ბესტაევა ივანიშვილის განცხადებას, რომ საქართველო 2008 წლის ომში დამნაშავეა და ოსებისთვის ბოდიშია მოსახდელი.

ოლიგარქის განცხადებას აფასებენ ყოფილი სამხედროები და ომის ვეტერანები. მათ მიაჩნიათ, რომ ივანიშვილის მიმართვა სამარცხვინო იყო.

"რუსეთი არის მტერი საქართველოსი და რუსებთან ერთად, მათ შორის, ოსი სეპარატისტები იბრძოდნენ ქართველების წინააღმდეგ და წვავდნენ ჩვენს სახლებს, მათ შორის იყო ჩემი სახლიც. ის, რომ ჩვენ მათ ბოდიში უნდა მოვუხადოთ არის სირცხვილი. ქართული არმია იბრძოდა და მან [ბიძინა ივანიშვილმა]  ქართული არმია დაადანაშაულა იმაში, რომ ცხინვალელი დები და ძმები ცეცხლის ალში გავხვიეთ. ეს არის სირცხვილი და მეტი არაფერი. ჩვენ, მებრძოლი ადამიანები ბოდიშს არავის არ მოვუხდით და არც დავუჩოქებთ", - განაცხადა ყოფილმა სამხედრომ და ერგნეთის მცხოვრებმა გიორგი კასრაძემ.

"ყველა მებრძოლს თავზე ლაფი დაასხა. მოგვიკლეს ანწუხელიძე. კარგად ნახა საქართველოს მოსახლეობამ ეს კადრები და მგონი, რომ ეს ყველაფერი ასე არ დარჩება. ხალხმა უნდა შეიგნოს, რომ ეს საქართველო მარტო ბიძინასი და თავისი მოხელეების არ არის და ხალხისაა ეს საქართველო", - განაცხადა ომის ვეტერანმა გოჩა ბზიშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი