პირველი დამნაშავე ეს არის მოღალატეობრივი ხელისუფლება | კალაძის რუსული პროპაგანდა 2008 წლის ომზე

გამოქვეყნდა:

მმართველი გუნდის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ბოდიშების მზაობაზე. ივანიშვილმა გორში წინასაარჩევნო შეხვედრაზე თქვა, რომ "ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები". ამ განცხადებას კრემლი ქებით შეხვდა.

"ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ ისევ წინა ხელისუფლების და მესამე პრეზიდენტის "დანაშაულებზე" ისაუბრა და არა ოკუპანტი ქვეყნის. კალაძემ გაიმეორა ივანიშვილის სიტყვები, რომ თითქოს მაშინდელმა ხელისუფლებამ "გარედან" მიღებული "დავალება" შეასრულა. 

"ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები რასაც თქვენ ახორციელებთ. რაც 2008 წელს აკადრეთ ქვეყანას, აკადრეთ ქართველ ხალხს, გარედან გაკეთებული დავალება შეასრულეთ, ამით დააკარგვინეთ ქვეყანას ტერიტორიები, ამით ჩვენ დავკარგეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა. [ ჟურნალისტი: რუსეთი დამნაშავე რატომ არ ახსენებთ?] პირველი დამნაშავე ეს არის მოღალატეობრივი, პირველ რიგში ეს არის მოღალატეობრივი ხელისუფლება, რომელსაც წარმოადგენდა პირსისხლიანი რეჟიმი, რომლის ხელმძღვანელი იყო სააკაშვილი", - კახი კალაძე.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, არ წარმოადგენდა ქართველ ხალხს, ხოლო ის ოსი ჯარისკაცები, რომლებმაც ომის დანაშაულები ჩაიდინეს, არ წარმოადგენენ ოს ხალხს. კითხვაზე, რატომ არ ახსენა ივანიშვილმა რუსეთი, პაპუაშვილი პასუხობს:

"რაც შეეხება რუსეთს, ეს გახლავთ დეოკუპაციის საკითხი, რაც შეეხება ოსებთან ურთიერთობას, ეს გახლავთ შერიგების საკითხი. ქართველი და ოსებიც ვართ მსხვერპლი, იმის რომ დღეს ვართ დაშორიშორებული ერთმანეთისგან და იმისთვის რომ შევრიგდეთ ერთმანეთთან, ამისთვის არის საჭირო სწორედ ის პროცესი. ისევე როგორც ის ომის დამნაშავეები, რომლებიც ქართველ ჯარისკაცებს აწამებდნენ და ომის დანაშაული ჩაიდინეს, არ წარმოადგენენ ოს ხალხს, ისევე არ წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს".

ამ საკითხზე დღეს მთავრობის სხდომაზე განცხადება არ გაუკეთებია პრემიერ კობახიძეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი