"გაერთიანების გადაწყვეტილება "ძლიერი საქართველოს" და "გახარია - საქართველოსთვის" ხელშია. ხვალ ვეპატიჟები ორივეს, რათა მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი გაიმართოს" | პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

"გაერთიანების გადაწყვეტილება "ძლიერი საქართველოს" და "გახარია - საქართველოსთვის" ხელშია. ხვალ, ორბელიანების სასახლეში, ვეპატიჟები ორივეს, რათა მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი გაიმართოს" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს.

საქართველოს ისტორიის გარდამტეხი არჩევნების დღე გვიახლოვდება და ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს და ამას ყოველდღიურად ვხედავთ უფრო და უფრო ნათლად. ეს არჩევანი განსაზღვრავს იმას, იქნება თუ არა ჩვენი მომავალი ევროპა თუ ვიქნებით რუსეთის გავლენის ქვეშ, რისკენაც გვიბიძგებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ, 26 ოქტომბერი არის არამხოლოდ ჩვეულებრივი არჩევნების დღე, ამას არ ვიცი რამდენჯერ გავიმეორებ, რამდენიც საჭირო იქნება. ეს არის მთავარი არჩევანის დღე, რეფერენდუმის დღე, ავარჩიოთ სუვერენიტეტი, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული ფასეულობები თუ დავუთმოთ ჩვენი მომავალი რუსეთს. დღეს არჩევანი ერთია - ან ევროპა, ან რუსეთი და ჩვენ ეს ქვეყანა არავისთვის არასდროს დაგვითმია და არც არავის დავუთმობთ. ეს არჩევანი ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა, ყველასი, და ამ პასუხისმგებლობას ვერ გავექცევით და ვატარებთ შთამომავლობით. მე, ჩემი მხრივ, პასუხისმგებლობას ბოლომდე ავიღებ და შევასრულებ და ხელს შევუწყობ ყველა პროევროპულ ძალას. ამისთვის სწორედ შეიქმნა ქარტია და ქარტიის შესრულებისთვის დადებული ერთობლივი პირობა და ამით ევროპის გზაზე სწრაფი და ეფექტური დაბრუნების სამოქმედო გეგმა ერთად დავხაზეთ და ერთად შევასრულეთ. 

ახლა საჭირო არის კიდევ ერთი რამ, რომ ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევენიი გავამარტივოთ - პოზოტიური მესამე ცენტრი, რომელსაც ელოდება გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და რომელსაც უნარი აქვს, გააჩინოს საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტი. მე ამისი მჯერა და ამიტომ, მონაწილეობა მივიღე ყველასთან კონსულტაციაში და მზად ვარ, როგორც ნეიტრალური მხარე, ამ პროცესს ხელი შევუწყო. გადაწყვეტილება კი ორი პროევროპული ძალის, ერთი მხრივ გაერთიანება "ძლიერი საქართველო" და მეორე მხრივ პარტია "გახარია - საქართველოსთვის" მათ ხელშია. ვიმედოვნებ, რომ ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან ეტაპზე შეძლებენ გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, გარკვეულობას და მეტი ძალის განცდას მისცემს. ნაბიჯი, რომელიც ასევე დაარწმუნებს ამომრჩეველს, რომ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს, ქვეყნის გადარჩენის გულისთვის ბევრი რამე დათმონ და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენის საქმეში... ხვალ, ორბელიანების სასახლეში ვეპატიჟები ორივე პოლიტიკურ ძალას, რათა მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი დაუყოვნებლივ გაიმართოს. ჩემი სრული მხარდაჭერა და მზადყოფნაა, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს და მიგვიყვანოს გამარჯვებამდე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი