რას მოიცავს აშშ-ის ფინანსური სანქციები?

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა, საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების ძირის გამოთხრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა. ასევე 60-მდე პირს, "ქართული ოცნების" ლიდერებსა და ასევე ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ.

მაგნიტსკის სანქციები გდდ-ის უფროსს, ზვიად ხაზარაშვილს, იგივე "ხარებასა" და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს შეეხოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და გამოხატვის თავისუფლების გამო, მათ ფინანსური სანქციები ეკისრებათ. დასანქცირდებიან ის ფიზიკური თუ იურიდიული პირებიც, ვინც მათთან საქმიან ურთიერთობას დაიჭერს. ამერიკაში ქონების, ან კომპანიების არსებობის შემთხვევაში, ისინი გაიყინება და მათზე წვდომა სანქცირებულებს შეუწყდებათ. 

აღსანიშნავია, რომ მაგნიტსკის სანქციებს ითვალისწინებს ევროკავშირიც:

"დღევანდელი ქმედების შედეგად, ზემოთ ჩამოთვლილ პირების საკუთრებაში არსებული ყველა ქონება და აქცია, რომელიც მდებარეობს აშშ-ის ან მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, არის დაბლოკილი და მოხსენებულია საგარეო ქონების კონტროლის ოფისს [OFAC]. დამატებით, დაბლოკილია ყველა ის ობიექტი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად, ინდივიდუალურად ან ერთიან ჯამში, 50%-ით ან მეტით ეკუთვნის ერთს ან რამდენიმე დასანქცირებულ პირს. თუ OFAC-ის მიერ გაცემული ლიცენზიით არ არის ნებადართული, ან არ არის გამონაკლისი, OFAC-ის რეგულაციები კრძალავს აშშ-ის პირების მიერ ან შეერთებულ შტატებში ან ტრანზიტით ყველა ტრანზაქციას, რომელიც გულისხმობს რაიმე ქონებას ან აქციებს განსაზღვრული ან სხვაგვარად დაბლოკილი პირების ქონებაში", - წერია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.

უწყების ცნობით, სპეცდანიშნულების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ძალადობა მოიცავდა რუსული კანონის წინააღმდეგ არაძალადობრივი საპროტესტო აქციების მრავალი მონაწილის მიმართ სასტიკ მოპყრობას - "ხარაზიშვილი [ხარება] ცნობილია თავისი სადამსჯელო ქმედებებით პოლიტიკური ოპონენტების მიმართ და პირადად იყო ჩართული მომიტინგეების ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში".

იმავე შინაარსის სანქციები გავრცელდება პრო-რუსულ ძალადობრივი ჯგუფის "ალტ-ინფოს" ლიდერებზე, კოკა მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეზეც.

"მიზეზი ეგ იყო, რომ თავისუფალ მომიტინგეებს, სიტყვის თავისუფლებას და რაღაცას ვებრძვი და მე არაფერს არ ვებრძვი. სავიზო შეზღუდვაც არის დაწესებული და რა ვიცი რაღაცა მაგნიტსკის სიაში ხარო და ვიყო. მე ვერ გეტყვით, რომ ეს კომფორტულია, კარგია და პრობლემა არ არის, მაგრამ ამას ეშველება, არა უშავს, ჩვენც გვაქვს ჩვენი სიები. ანგარიშები როცა არ გექნება, კომპანიებში მოძრაობა არ გექნება პრობლემა თავისთავად ცხადია იქნება, მაგრამ ეს ყოველთვის იყო მოსალოდნელი, რომ ამ აქტივობაში, რომ ჩაერთვებოდი მათ ერთადერთი მექანიზმი ეს აქვთ და ეს მექანიზმი ჩართეს, ეს მათი გადაწყვეტილებაა," - აცხადებს კოკა მორგოშია.

აღსანიშნავია, რომ კოკა მორგოშიას ბიზნესის დიდი ნაწილი გადაფორმებული აქვს მამიდაზე და "ალტ-ინფოს" 50% წილის მესაკუთრე არის სწორედ მამიდა.

ხარაზიშვილის მოადგილე ლაგაზაური კი "მთავარი არხის" შეკითხვას არ პასუხობს. მან ტელეფონი გაგვითიშა. მის სახლში მისულ "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს ადგილზე ლაგაზაურის დედა დახვდა, რომელიც ამტკიცებს, რომ მის შვილს არასდროს არავისზე უძალადია. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი