სანქციები "ოცნების" წევრებს | ხელისუფლება საკუთარ ბრალეულობას არ აღიარებს და აშშ-ს ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

დილის 10 საათი - "ოცნების" გუნდში ჯერ დაბნეულობაა. მმართველ პარტიაში არ იციან, რით უპასუხონ შეერთებული შტატების მორიგ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო და ხაზინის დეპარტამენტებმა "ოცნების" ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები და მათი პროპაგანდისტები - ჯამში 64 პირი დაასანქცირა. დუმილი და დაბნეულობა აგრესიამ შეცვალა. იციან, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველ ხელისუფლებას წარმოადგენენ, რომელიც ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს დასანქცირებული ჰყავს. ამ გადაწყვეტილების გამართლება უჭირთ, ამიტომ ცდილობენ ოფიციალური ვაშინგტონის ნაბიჯებს ფასი დაუკარგონ.

რეალობა კი ასეთია - ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, ამერიკის საზღვრები ჩაიკეტება "ქართული ოცნების" მთავრობისა და მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირებისთვის, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს საკუთარი ძალაუფლება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შესაზღუდად. ასევე პარლამენტის წევრებისთვის, რომლებმაც კრიტიკული როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონის დაწინაურებასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში. ამერიკაში ვერ შევლენ ბიზნესების ხელმძღვანელებიც, რომლებიც ჩართული იყვნენ კორუფციულ საქმიანობაში; შტატებში მოგზაურობა ოცნებად დარჩება პროპაგანდისტებისთვის, რომლებიც ავრცელებდნენ დეზინფორმაციას და სამართალდამცველებისთვის, რომლებიც ჩართული იყვნენ დემონსტრანტების ცემაში. 

ხელისუფლება საკუთარ ბრალეულობას არ აღიარებს და საპასუხო თავდასხმის რეჟიმზეა. შეერთებული შტატები კი საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველ გადახედვას განაგრძობს. ამ პროცესის ფარგლებში უკვე დაპაუზებულია მთავრობის 95 მილიონი დოლარის ფინანსური დახმარება, შეჩერებულია სხვადასხვა პროექტი, საერთაშორისო წვრთნები უვადოდ გადადებულია, "ოცნების" ხელისუფლების 90-მდე წევრსა და პროპაგანდისტს სავიზო აკრძალვა აქვს და ოლიგარქის ძალაუფლების ერთ-ერთ მთავარ საყრდენებს - სპეცრაზმის უფროსსა და მის მოადგილეს ფინანსური სანქციები ადევს. 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი