"ერთი საქმე ეხება რუსი მაღალი რანგის ოლიგარქებისთვის სანქციებისთვის თავის არიდების სპეცოპერაციას და მეორე - პიროვნებას, რომელიც ღუპავს ქვეყანას... [ივანიშვილიც] მონაწილეა ამ ყველაფრის", - ამის შესახებ ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ეკა კვესიტაძის განსხვავებული აქცენტები" საუბრობს.
ამბობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ის "ოცნების" მაღალჩინოსნების მხილებას გეგმავს - "ეს არის შემზარავი ფაქტი, რომელზეც, უახლოეს დღეებში, მთელი ქვეყანა გაიგებს. რაზეც აქამდე ვსაუბრობდით, ეს არის თიზერი, ფილმის გაშვებას აწი ვაპირებთ. მტკიცებულებებიც გვაქვს. ეს იქნება ძალიან მიზანმიმართული ქმედება, რომ საბოლოოდ ეს ქვეყანა გადავარჩინოთ დაღუპვას. ყველამ უნდა გაიგოს, სადამდე აქვთ შეტოპილი რუს ოლიგარქებთან ურთიერთობაში".
ჩიკვაიძის თქმით, ის საქართველოსა და ევროპის ბაზარზე იახტების ბიზნესში ათ წელზე მეტხანს იყო, თუმცა ხელისუფლების ჩარევის შემდეგ ყველაფერი "იმდენად აირია და გაფუჭდა, რომ ამის რეაბილიტაციას დიდი ხანი დასჭირდება". მისი თქმით, მისი საქმე უკვე 9 თვეა პროკურატურაშია, ის და მისი პარტნიორი კი ბრალდებულები არიან.
მისივე თქმით, დღეს საქართველოში ბიზნესის რეკეტი სისტემურია და ამ საკითხზე მასთან არაერთი ბიზნესმენი ღიად ალაპარაკდა:
"ორი აზრი აღარ არსებობს ამ ქვეყანაში, რომ ბიზნესის რეკეტი, ეს არის სისტემური და არანაირი ერთი და ორი შემთხვევა. ძალიან არ უნდათ ამის აღიარება, მაგრამ ეს არის სისტემური. ჩემთვის, ჩვენი საკითხიც და, ზოგადად, ის ჯარი ადამიანების, რომელიც ცოტა ხნით ადრე თუ ახლა, ამ დღეებში დამიგროვდა მსგავსი პრობლემებით, გახდა გადამწყვეტი იმისთვის, რომ ჩვენ ავიღოთ ინიციატივა და ეს კორუმპირებული უწყება, როგორიც დღეს საქართველოს პროკურატურაა, ამ ინიციატივას ავიღებთ თავიდან ბოლომდე.
არის ჯარი ადამიანების, თუნდაც, ერთ ფაქტს მოგიყვებით, ახლახანს, ერთი საათის წინ შევხვდით ადამიანს, რომელსაც აჭარის პროკურატურაში 2019 წლიდან საქმე აქვს შეტანილი და პროკურორი ეუბნება, რომ მიმართე ქურდებს საქმის გასარჩევადო და ამაზე ამ ადამიანს გენინსპექციაში აქვს შეტანილი განცხადება, იქაც დაკითხულია, დღემდე მოძრაობა არ არის.
[...]
მე ამ ხელისუფლებასთან არაფერი არ მაკავშირებდა, არც ფინანსურად, არც ნათესაურად, უბრალოდ ეს იყო... იყო ხომ რაღაც პრობლემები წინა ხელისუფლებაში, რომლებიც არ მოგვწონდა, რაღაცნაირად იმედიანად მოვიდა ეს ხელისუფლება და ვედექით მხარში. ჩემდა სამწუხაროდ, ძალიან დამაგვიანდა იმის მიხვედრა, თუ ვისთან მქონდა საქმე და აღმოჩნდა, რომ მთელი 12 წელია ჩვენ გვყავს რუსული ძალადობრივი რეჟიმი. 26 ოქტომბერს ეს ხელისუფლება დასრულდება ისე, როგორც მზე მაღლაა და ამაში ეჭვი საერთოდ [არ მეპარება]. რომ კითხულობენ, ნეტა გავიმარჯვებთ, საერთოდ არ უნდა სვამდნენ ადამიანები ამ კითხვას იმის მერე, რა განცხადებაც ამ დესტრუქციის შემოქმედმა ადამიანმა გააკეთა.
ბოდიში თუ ვინმეს აქვს მოსახდელი, ეს მაქვს მოსახდელი მე და ბევრ ჩემნაირ ადამიანს ამ ქვეყანაში და იმ დაღუპული გმირების ოჯახებისთვის მაქვს, პირველ რიგში, რომ ოდესმე ამ ხელისუფლებას მხარს ვუჭერდით და კიდევ ამდენი გარდაცვლილი გმირის სულის წინაშე გვაქვს ბოდიში მოსახდელი..., - ამბობს ჩიკვაიძე.
ინტერვიუ სრულად: