"სანქცირებული პირის მომსახურების შემთხვევაში, ბანკებს თავადვე დაემუქრებათ სანქციები" | საბანკო სისტემა საფრთხის წინაშე

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სანქციებზე "ქართული ოცნების" საპასუხო ქმედებები საქართველოს საბანკო სისტემას საფრთხის ქვეშ აყენებს. საბანკო ასოციაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ქართული ბანკები საერთაშორისო სანქციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აღასრულებენ და შეზღუდვებს აამოქმედებენ. განცხადებას ხელისუფლების მხრიდან მუქარა მოყვა. პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბანკირებს კონსტიტუცია შეახსენა.

ფინანსისტების განცხადებით კი იმ შემთხვევაში, თუ ბანკები საერთაშორისო სანქციებს არ შეასრულებენ, თავადვე მოექცევიან სანქციების ქვეშ.

"ძალიან დიდი არჩევანი, პრინციპში ქართულ კომერციულ ბანკებს, სადაც დიდი ალბათობით აქვთ ანგარიშები სანქცირებულ პირებს, არ აქვთ რადგან მათ სანქციების დარღვევის შემთხვევაში და სანქცირებული პირის მომსახურების შემთხვევაში თავადვე დაემუქრებათ ეს სანქციები. მე არ ვფიქრობ, რომ კომერციული ბანკები არ შეასრულებენ ამ სანქციებს, რადგან საპირწონე ძალიან დიდი რამ დევს მეორე მხარეს და შესაძლოა ამან არა მხოლოდ ამ ბანკებს შეუქმნას პრობლემა, არამედ ზოგადად საქართველოს ეკონომიკას. მთავრობა უბრალოდ რაღაცა რიცხვებს აიღებს, ამ რიცხვებით ჟონგლიორობს, ტრაბახობს ამ რიცხვებით, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ პოლიტიკურ პროცესთან ეს არის პირდაპირ კავშირში, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან, მოლაპარაკებების გახსნასთან, და ზოგადად ქვეყნის დემოკრატიასთან და საქართველოს დემოკრატიის გარეშე, სამწუხაროდ, ეკონომიკური განვითარებაც ძალიან ბუნდოვანია," - ამბობს "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელმა და გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე.

"ქართული ოცნების" მთავარი ბერკეტი ეროვნული ბანკია, რომელმაც ორ დღიანი დუმილის შემდეგ პირველი განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტავს რა შემთხვევაში ვრცელდება სანქციების რეჟიმი.

შეგახსენებთ, საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 16 სექტემბერს ფინანსური სანქციები დაუწესა გდდ-ის ხელმძღვანელს ზვიად ხარაზიშვილს, იგივე "ხარებას " და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს.

ფინანსური სანქციები დაუწესდათ პრორუსული დაჯგუფება ალტ ინფოს დამფუძნებლებსაც - კონსტანტინე მორგოშიასა და ზურა მახარაძეს.

გარდა ამისა, აშშ სავიზო შეზღუდვებს უწესებს 60-ზე მეტ პირს, მათ შორის "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი