მოსკოვში Wildberries-ის ოფისში სროლა იყო | გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაჭრილები

გამოქვეყნდა:

რუსული მედიები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ პლატფორმა Wildberries-ის დამფუძნებლის, ტატიანა ბაკალჩუკის ქმარი, ვლადისლავი, დაცვასთან ერთად, მოსკოვში, ერთ-ერთ ბიზნეს ცენტრში, კომპანიის ოფისში შეჭრას ცდილობდა. 

Wildberries-მა მომხდარს უწოდა "უკანონო შესვლის მცდელობა".

"სამართალდამცავმა უწყებებმა მიიღეს საჭირო ზომები, მდგომარეობა სტაბილურია", - აცხადებენ კომპანიაში.

Wildberries-ის შეტყობინებამდე ცოტა ხნით ადრე "ტელეგრამ" არხმა Mash გაავრცელა ცნობა, რომ სათაო ოფისთან უცნობი პირები მივიდნენ და სროლა დაიწყეს. მათი ინფორმაციით, დაჭრილია სამი ადამიანი.

"მანამდე კაცების ჯგუფი ცდილობდა ოფისში შესვლას, მაგრამ არ შეუშვეს. ამის შემდეგ დაიწყო ჩხუბი", - წერს Mash.

მალევე კიდევ ერთმა "ტელეგრამ არხმა" "Осторожно, Москва" გაავრცელა ინფორმაცია სროლის შესახებ. გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, ადგილზე იმყოფება პოლიცია და სასწრაფო. სამართალდამცავები აკავებენ ამ დროისთვის უცნობ პირებს.

თავის მხრივ, ბაკალჩუკმა განაცხადა, რომ ოფისში უნდა გამართულიყო მოლაპარაკებების ახალი რაუნდი კომპანიისთვის ახალი საწყობების მშენებლობის დაფინანსებაზე.

"კომპანიის ოფისში ჩემს კოლეგებთან ერთად მივედი, მაგრამ უკვე შესასვლელთან თავს დაგვესხა უსაფრთხოების სამსახური და ჩემთვის უცნობი პირები, რომლებმაც შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირება მოახდინეს. კონფლიქტის რაღაც მომენტში გაისმა სროლა და დაიჭრა ჩემი ერთ-ერთი კოლეგა", - თქვა ბაკალჩუკმა.

მისივე თქმით, თავად შეიძლებოდა ყოფილიყო თავდამსხმელების სამიზნე. 

ივნისში, Wildberry-მ და გარე რეკლამის ოპერატორმა Russ-მა გამოაცხადეს, რომ აპირებენ "გაერთიანებას ციფრული სავაჭრო პლატფორმის შესაქმნელად". 23 ივლისს ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა თქვა, რომ მასთან შესახვედრად მივიდა ვლადისლავ ბაკალჩუკი, რომელსაც "სერიოზული პრობლემები აქვს როგორც ოჯახში, ასევე ჩამოყალიბებულ საოჯახო ბიზნესთან დაკავშირებით". ბაკალჩუკი ამტკიცებდა, რომ მისი მეუღლე "დაკავშირებულია უცნობ კომპანიასთან" და საფრთხეში იყო ბიზნესი.

ტატიანა ბაკალჩუკმა თქვა, რომ "ყველაფერი თავიდანვე შეთანხმებული იყო" ქმართან, რომელიც ერთობლივი კომპანიის ახალი სტრუქტურის პრეზენტაციას პირადად დაესწრო. მან ასევე განაცხადა, რომ მის ქმარს Wildberry-ის აქციების ერთი პროცენტი აქვს და არ არის ჩართული კომპანიის მენეჯმენტში. 30 ივლისს ტატიანა ბაკალჩუკმა განაცხადა, რომ მან "ოფიციალურად შეიტანა სარჩელი" განქორწინებისთვის. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი