პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის [PHR] ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ წლებია პოლიტიკური ჰომოფობია და გენდერული უთანასწორობის თესვა ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალისა და მისი მედიის დღის წესრიგად იქცა, რაც ახალისებს ძალადობას და სწორედ აღნიშნული გარემოებების შედეგია გუშინ მომხდარი დანაშაულიც:
"პირველ რიგში, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს კესარიას ოჯახს. ამასთან, მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს აწარმოონ საქმის ეფექტური გამოძიება და სამართლიანად ჩაატარონ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.
აქვე აღვნიშნავთ, უკვე წლებია პოლიტიკური ჰომოფობია და გენდერული უთანასწორობის თესვა ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალის დღის წესრიგად იქცა. სახელისუფლებო მედია საშუალებებიც აქტიურად აწარმოებენ ჰომოფობიურ პროპაგანდას, იყენებენ სიძულვილის ენას და ამ გზით აღვივებენ ძალადობას საზოგადოებაში. სწორედ აღნიშნული გარემოებების შედეგია გუშინ მომხდარი შემზარავი მკვლელობა, ისევე როგორც, ზოგადად, ბოლო წლებში ქვიარ ჯგუფების მიმართ ჩადენილი დანაშაულები და ფემიციდის შემთხვევები. " ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, მკვლელობა დიდ დიღომში, ავთანდილის 8 ნომერში 18 სექტემბრის საღამოს მოხდა. დაკავებულია 1998 წელს დაბადებული ბექა ჯაიანი. გამოძიება გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
"მთავარმა" სავარაუდო დამნაშავის კადრები მოიპოვა, რომელიც აბრამიძის საცხოვრებელ სადარბაზოშია გადაღებული და ჩანს, რომ ჯაიანი აბრამიძის სახლში საღამოს 7 საათისთვის მივიდა. ჩანაწერების მიხედვით, ის კორპუსში 18:55 საათზე შევიდა, 19:09 საათზე ის კიბით ჩამორბის და ტოვებს საცხოვრებელ კორპუსს.