სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით ირკვევა, რომ ბრალდებული კესარია აბრამიძის ბინაში მისვლიდან 14 წუთში გაიქცა

გამოქვეყნდა:

მსახიობისა და მოდელის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ 1998 წელს დაბადებული ბექა ჯაიანი დააკავა. მას გამოძიება გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ დაკავებული კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლში საღამოს 7 საათისთვის მივიდა. ჩანაწერების მიხედვით, ის კორპუსში 18:55 საათზე შევიდა, 19:09 საათზე ის კიბით ჩამორბის და ტოვებს საცხოვრებელ კორპუსს. 

მეზობლები ამბობენ, რომ არ გაუგიათ ჩხუბის ხმა, გაიგეს აბრამიძის ყვირილი, რის შემდეგაც გავიდნენ მასთან სახლში, თუმცა ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. რამდენიმე მეზობელმა დაინახა როგორ ჩარბოდა კაცი კიბეზე, კადრების ნახვის შემდეგ მეზობლებმა დაადასტურეს, რომ ეს ის პირი იყო, რომელსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ურთიერთობა ჰქონდა კესარია აბრამიძესთან და ის კორპუსში ხშირად მოდიოდა.

"ქვემოთ მეზობლებმა დაინახეს რომ გაიქცა, ზამთარში იყო ეგეთი შემთხვევა, რომ მოუვარდა, სახლში არ იყო როგორც ვიცი, მეზობლებმა გადაარჩინეს, მაშინ პოსტიც დაწერა მაგაზე, მეზობლებმა გააგდეს ფაქტობრივად მაშინ", - ყვება ერთ-ერთი მეზობელი.

მოდელი და მსახიობი, ტრანსგენდერი ქალი გუშინ, 18 სექტემბერს, თბილისში, საკუთარ სახლში მოკლეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი