შეუძლებელია ივანიშვილს მისცე ხმა და EU-ში გაწევრიანების იმედი გქონდეს | იუკნევიჩიენე

გამოქვეყნდა:

რატომ არის ერთმანეთთან შეუთავსებელი ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირი?  მორიგ განმარტებას ევროპარლამენტარები აკეთებენ. ბრიუსელში აცხადებენ, რომ ევროკავშირი თავის გადაწყვეტილებებს არჩევნების პარალელურად მიიღებს.

"ეს არჩევნები გადამწყვეტია და დარწმუნებული ვარ, რომ ის ხალხი, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას, ამას აცნობიერებენ. რამდენიმე ხნის წინ ვიყავი თბილისში და იქაც ვთქვი, რომ ბიძინა ივანიშვილი და ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუსაბამოა. ვწუხვარ, ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ გარედან ეს სწორედ ასე ჩანს. ევროკავშირში ბევრი ადამიანი ეთანხმება იმას, რომ ქართული ოცნება ადამიანების მოსაზრებებით მანიპულირებს. შარშან, დეკემბერში, როდესაც საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, -  ეს იყო არა ჯილდო, არამედ ქართველი ხალხის წახალისება - იმ ხალხისა, რომელსაც არ სურს „რუსკი მირი“ და სურს დემოკრატია, მშვიდობა და კეთილდღეობა. ევროკავშირი სწორედ ასეთია, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია კი მანიპულირებს ხალხის მოსაზრებებით და ისე იქცევა, როგორც ანტიევროპული ძალა. მათი ყველა ქმედება ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფასეულობებს. ასე რომ, შეუძლებელია, ბიძინა ივანიშვილს მისცე ხმა და ევროკავშირში გაწევრიანების იმედი გქონდეს.

პირველ რიგში ქართველმა ხალხმა უნდა თქვას თავისი სიტყვა და იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი მივა არჩევნებზე; განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, იმიტომ რომ საქმე სწორედ მათ მომავალს ეხება, თუ სად იცხოვრებენ ისინი, სად გაზრდიან საკუთარ შვილებს - აგრესიულ რუსეთთან თუ ევროკავშირში, სადაც მათი მშვიდობა გარანტირებული იქნება. 

არ მინდა პროგნოზები გავაკეთო, მაგრამ, თუ არჩევნები არ იქნება სამართლიანი და თუ ქართველი ხალხისგან ევროკავშირის წევრობაზე გზავნილი მკაფიო არ იქნება, მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი კოორდინირებულად მიიღებენ გადაწყვეტილებებს; და მეც მათ შორის ვიქნები, ვინც მხარს დაუჭერს ამ სანქციებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც არღვევს დემოკრატიულ კანონებსა და პრინციპებს." ამბობს რასა იუკნევიჩიენე "მთავარ არხთან".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი