მსოფლიოში Covid-ის ახალი ვარიანტი XEC-ი ვრცელდება | რით განსხვავდება იგი წინამორბედისგან

გამოქვეყნდა:

მსოფლიოში კოვიდის ახალმა ვარიანტმა დაიწყო გავრცელება, რომელსაც მიენიჭა სახელწოდება XEC. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ვარიანტი უახლოეს პერიოდში შეიძლება გახდეს კორონავირუსის მთავარი ტიპი და ჩაანაცვლოს წინა. ამის შესახებ BBC წერს. 

ეს ვარიანტი პირველად გერმანიაში მიმდინარე წლის ივნისში აღმოაჩინეს, მას შემდეგ XEC-ის შემთხვევები დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, დანიაში და რამდენიმე სხვა ქვეყანაში. ამის შესახებ ამერიკელი მეცნიერი და სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ერიკ ტოპოლი X-ზე წერს. მისი თქმით, XEC-ის გავრცელება ჯერ მხოლოდ ახლა იწყება და რამდენიმე თვე დასჭირდება, სანამ მისი გავრცელება მაღალ დონეს მიაღწევს.

XEC მისი წინამორბედებისგან ზოგიერთი მუტაციით განსხვავდება, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს მის უფრო სწრაფად გავრცელებას, აღნიშნავენ მეცნიერები. თუმცა, მათ მიაჩნიათ, რომ არსებული ვაქცინები ხელს შეუწყობს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ყველაზე სერიოზული შედეგების თავიდან აცილებას.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის გენეტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ფრანსუა ბალუქსმა BBC-ს განუცხადა, რომ XEC-ს აქვს „მცირე უპირატესობა გავრცელების თვალსაზრისით“ წინა ვარიანტებთან შედარებით, მაგრამ არსებული ვაქცინები მაინც უზრუნველყოფს კარგ დაცვას მისგან.

Balu-ს პროგნოზების მიხედვით, სავარაუდოა, რომ XEC შეიძლება გახდეს Covid-19-ის მთავარი ვარიანტი მომდევნო ზამთრის განმავლობაში.

Covid-ის ახალი ვარიანტის სიმპტომები არ განსხვავდება უკვე ცნობილი ვარიანტების დაფიქსირებული სიმპტომებისგან. მათ შორისაა მაღალი ტემპერატურა, ტკივილი სხეულის სხვადასხვა ნაწილში, დაღლილობა, ხველა ან ყელის ტკივილი. ადამიანების უმეტესობა კოვიდისგან რამდენიმე კვირაში გამოჯანმრთელდება, მაგრამ ზოგიერთისთვის დაავადება უფრო დიდხანს გრძელდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, რომელიც აკონტროლებს კორონავირუსის შემთხვევების სტატისტიკას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, გამოაცხადა, რომ Covid-ის პანდემია 2022 წელს დასრულდა.

მისი დაწყებიდან 2024 წლის ივნისის ბოლომდე დადასტურდა დაავადების 775 მილიონზე მეტი შემთხვევა და 7 მილიონზე მეტი სიკვდილი, ნათქვამია WHO-ს ვებსაიტზე.

ჯანმო-ს მონაცემებით, 2024 წლის მაისის ბოლოდან ივნისის ბოლომდე დაფიქსირდა Covid-ის 135 ათასი ახალი შემთხვევა, რაც თითქმის არ განსხვავდება წინა თვისგან. ამასთან, ამ დროის განმავლობაში დაღუპულთა რაოდენობამ 2 ათასზე მეტი შეადგინა, რაც წინა პერიოდთან შედარებით 3%-ით ნაკლებია.

თუმცა, პანდემიის დასრულების და სიკვდილიანობის მკვეთრი ვარდნის შემდეგ, Covid-ის ტესტებით გაცილებით ნაკლებ ადამიანს ამოწმებენ. ამიტომ, კორონავირუსის გავრცელების ამჟამინდელი მასშტაბის თვალყურის დევნება უფრო რთულია.

 

ვითარება რუსთაველის გამზირზე | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი