ეკონომისტები ფიქრობენ, რომ IPSOS-ის კვლევები ზუსტად ასახავს საზოგადოებაში არსებულ მთავარ პრობლემებს. მათი თქმით, გაზრდილი უმუშევრობა და ლარის გაუფასურება არის წამყვანი ფაქტორები, რომლებიც საზოგადოებას აფიქრებინებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.
მხოლოდ კორონაპანდემიას არ გამოუწვევია ხალხის გაღარიბება. "ოცნების" პირობებში ყოველდღიურად მძაფრდება ეკონომიკური პრობლემები და გამოწვევები, რაც ხალხის ცხოვრებაზე პირდაპირ აისახება. რეალურად, ანტკრიზისული გეგმა მთავრობამ წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა გულის მოსაგებად მიიღო და არა ეკონომიკის გამოსასწორებლად, - ამბობს გიგა ბედინეიშვილი, ფინანსისტი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
გარდა ამისა, ეკონომისტები ფიქრობენ, რომ მძიმე სოციალურ პირობებს ყოველდღიურობაც აჩვენებს და IPSOS-ის შედეგები გასაკვირი სულაც არ არის.
სოციალურ სააგენტოში დღეისთვის რეგისტრირებულია საქართველოს 1 მილიონი მოსახლე და ისინი სახელმწიფოს სთხოვენ ყოველდღიურად 2-ლარიან დახმარებას. შესაბამისად, კვლევები მოსახლეობის უმძიმესი მდგომარეობის ზუსტი ანარეკლია. ხელისუფლებამ კი პანდემიის დროს თანხები გაფლანგა და, შედეგად, 50 000-ით გაიზარდა ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა, ლარი გაუფასურდა და მოასხლეობა კიდევ უფრო დამძიმებული ეკონომიკური ვითარების მოლოდინშია, - თქვა ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა.
ცნობისთვის, კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 51% ფიქრობს, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.
შეგახსენებთ, გუშინ ტელეკომპანია “მთავარის” დაკვეთით კვლევა გამოქვეყნდა, სადაც საერთო ჯამში ოპოზიციური ხმები, აჭარბებს ამჟამინდელი მმართველი გუნდისას.
IPSOS-მა კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.
კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში "არჩევნები 2020".