იოსებ ბაბაევის სასამართლო გადაიდო | პოლიციამ მთავარი მტკიცებულება ვერ წარადგინა

გამოქვეყნდა:

გორში დაკავებული ანტისაოკუპაციო რესტო ბარის მფლობელისა და სამოქალაქო აქტივისტის, იოსებ ბაბაევის სასამართლო პროცესი გადაიდო. ბიზნესმენის ცნობით, პოლიციამ სამხრე კამერების ჩანაწერები, რომელსაც მისი დანაშაული უნდა დაედასტურებინა და ეჩვენებინა, რომ ის პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, ვერ წარადგინა.

იოსებ ბაბევის განცხადებით, პოლიციამ სასამართლოზე შეგნებულად არ მიიტანა კამერების ჩანაწერები, რადგან კადრებით არა მისი, არამედ სამართალდამცველების გადაცდომა იკვეთებოდა.

"112-ს აქვს რაღაც პრობლემა რა, ეს მყარი დისკები სულ, მუდმივად იშლება ჩანაწერები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსაც ეს სამხრე კამერები რისთვის დააქვთ და რისთვის ჰკიდიათ გაურკვეველია, იმიტომ, რომ როდესაც გვჭირდება ჩანაწერი საერთოდ არ ჩანს არაფერი, იმიტომ რომ იშლება და შლიან შეგნებულად. მათ არ აქვთ არანაირი მტკიცებულება ჩემი კანონიერად დაკავების. ყველანაირი დაკავება იყო უკანონო, ყველანაირი ჯარიმა იყო უკანონო. ისინი არიან ბოლშევიკები. თვითონაც იციან, რომ აქვთ ჩანაწერი, უბრალოდ ახლა არ სჭირდებათ, იმიტომ რომ მაგით მტკიცდება ჩემი უდანაშაულობა და იქ მტკიცდება დაკვეთა, 1 კაცის დაკვეთა," - განაცხადა ბაბაევმა.

იოსებ ბაბაევის ადვოკატის თქმით, სასამართლო სხდომა გადაიდო, ვინაიდან საპატრულო სამსახურმა განაცხადა, რომ აღნიშნული ჩანაწერები არ ინახება და პროცესზე მტკიცებულებები ვერ წარადგინა.

"პროცესზე, მტკიცებულებები რაც გამოვიკვლიეთ არ გამოიკვეთა, ამ ეტაპისთვის კანონიერი მოთხოვნისადმი იოსებ ბაბაევის მხრიდან დაუმორჩილებლობა, ეს ერთი და მეორე, ძირითადი ის არის, რომ მტკიცებულების სახით საპატრულო სამსახურმა, ამ მნიშვნელოვან დღეს რა ღონისძიებაც იყო, ვერ წარმოადგინა სამხრე ვიდეო კამერები. იგი აცხადებს, რომ აღნიშნული ჩანაწერი არ ინახება, შესაბამისად სხდომა გადაიდო," - ამბობს ადვოკატი.

შეგახსენებთ, იოსებ ბაბაევი 14 სექტემბერს, ივანიშვილის გორში ჩასვლის პერიოდში, პოლიციის მიერ დაწესებული რიგი შეზღუდვების გაპროტესტების გამო დააკავეს.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი