ჩემი აზრით, ბაიდენის ადმინისტრაცია ამზადებს ახალ სანქციებს და არ შემოიფარგლება დაბალი რანგის ოფიციალური პირებით | დენიელ ფრიდი

გამოქვეყნდა:

შეერთებულ შტატებში სანქციების ახალ პაკეტს აანონსებენ. დენიელ ფრიდი, ყოფილი დიპლომატი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში სანქციების თემაზეც მუშაობდა, დარწმუნებულია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ქართული ოცნების წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს და ეფექტი დიდი იქნება.

"არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ ჩემი აზრით ამჟამად ბაიდენის ადმინისტრაცია ამზადებს ახალ სანქციებს და ეს სანქციები არ შემოიფარგლება დაბალი რანგის ოფიციალური პირებით. ასე რომ, არაფერს გამოვრიცხავ. სახაზინო დეპარტამენტი და სახელმწიფო დეპარტამენტი ერთად მუშაობენ შესაძლო ახალ სანქციებზე. და აქ არ არის საუბარი მხოლოდ მაგნიტსკის აქტზე. რა თქმა უნდა, მაგნიტსკის გლობალური აქტი ამერიკის მთავრობას გარკვეულ ვარიანტებს სთავაზობს, მაგრამ არსებობს სხვა სანქციებიც და ვფიქრობ, ისინი განიხილება. 

აშშ და ევროკავშირი კოორდინაციაში არიან, რადგან ისინი საქართველოში არსებულ სიტუაციას ერთნაირად უყურებენ. მე არ ვიცი, რას გააკეთებს ევროკავშირი, მაგრამ ჩემთვის ცნობილია, რომ აშშ კონსულტაციებს ატარებს ბრიუსელთან და დიდ ბრიტანეთთან მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით.

ჩემი გზავნილი იქნება, რომ საქართველოს მთავრობამ შეცვალოს ამერიკასთან კონფრონტაციისა და რუსეთთან მორჩილების გზა, რადგან ეს არ ემსახურება არანაირ ლოგიკურ მიზანს...

აშშ-ის მთავრობას არ სურს კონფრონტაციული დამოკიდებულება საქართველოს მთავრობასთან, თუმცა ამერიკა არ აპირებს, რომ პასიურად უყუროს, როგორ აგრძელებს საქართველოს მთავრობა ავტორიტარულ კურსს.

ვფიქრობ, ეს სწორედ საქართველოს პრემიერმინისტრი იყო, ვინც თქვა, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ აპირებს სადამსჯელო ნაბიჯების გადადგმას. ეს არის გადახვევა დემოკრატიული გზიდან და ამას მოჰყვება გართულებები ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში. აშშ-ის მთავრობამ უფრო მიიღებს  კონფრონტაციას საქართველოს ხელისუფლებასთან, ვიდრე შეეგუება იმას,  რომ საქართველოს მთავრობა ავტორიტარული გზით მიდის. სამწუხაროდ, მე მგონია, რომ საქართველოს მთავრობა დაჟინებით გააგრძელებს ავტორიტარულ კურსს და მზად არის, შეეგუოს აშშ-სთან ურთიერთობების გაწყვეტას.

ვწუხვარ, მაგრამ ამჟამად ასე ჩანს და ამას ემატება ბატონ ივანიშვილის სიტყვები იმის შესახებ, რომ ბოდიში უნდა მოუხადოს რუსეთს, რაც შეასუსტებს საქართველოს პოზიციებს მსოფლიოში. აშშ-სთან ურთიერთობების გაწყვეტა და რუსეთისთვის ბოდიშის მოხდა მოსკოვში აღიქმება როგორც სისუსტე და მორჩილება საქართველოს მხრიდან. არ ვიცი, იქნებ ვინმემ დამარწმუნოს, რატომ არის ეს საქართველოსთვის კარგი. " ამბობს დენ ფრიდი "მთავარ არხთან".

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორი დევიდ კრამერი კი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის ბოლო დროის მოქმედებები აშშ-სგან მკაცრ საპასუხო ნაბიჯებს ითხოვს. კრამერი ოლიგარქისა და პრემიერის დასანქცირების აუცილებლობას უსვამს ხაზს და ასევე აღნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ ამ ნაბიჯის გადადგმა შესაძლოა უკვე დაგვიანებული იყოს.

"მე ვისურვებდი, რომ სანქციების ბოლო პაკეტი შეხებოდა ბიძინა ივანიშვილსა და პრემიერ-მინისტრს. მხოლოდ ასე შეიძლება ისინი მივახვედროთ, რომ მათი ქმედებები მიუღებელია არა მხოლოდ აშშ-სთვის, არამედ ქართველი ხალხისთვისაც. მე არ ვიცი, დაეკისრებათ თუ არა მათ სანქციები და არც ის ვიცი, იქნება თუ არა სანქციები კიდევ. მე ვთვლი, რომ პრემიერმინისტრის კომენტარი ელჩ დანიგანთან შეხვედრის შემდეგ მის სიტუაციას სარგებელს ვერ მოუტანს და პირიქით, უფრო დიდი ალბათობაა, რომ ის გახდეს სანქციების სამიზნე. ასეა თუ ისე, ერთადერთი საშუალება, რომ მათ გავაგებინოთ, რომ აშშ სერიოზულად უდგება ამ საკითხს, არის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება აშშ-სა და ევროკავშირის მიერ. ჩემი აზრით, ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. ახლა, როდესაც თვეზე ოდნავ მეტი რჩება არჩევნებამდე, არ ვიცი, გადაიდგმება თუ არა ასეთი ნაბიჯი. არჩევნების შემდეგ შეიძლება უკვე გვიანი იყოს, ახლა კი უბრალოდ რთულია ამის გაკეთება, თუმცა კობახიძის განცხადებები ითხოვს უფრო მკაცრ პასუხს დასავლეთისგან", - აღნიშნა კრამერმა "მთავარ არხთან".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი