შეთანხმება ვერ შედგა | ხაზარაძე-გახარიას მოლაპარაკებების დეტალები, პირობები და ურთიერთბრალდებები

გამოქვეყნდა:

გახარია-ხაზარაძის ალიანსი საბოლოოდ ჩაიშალა. პოლიტიკურმა ლიდერებმა შეთანხმება ვერ შეძლეს და ურთიერთბრალდებებიც გააჟღერეს. საზოგადოებაში გავრცელებულ ბრალდებებს კონსულტაციების ჩაშლის შესახებ პირველმა გიორგი გახარიამ უპასუხა და გაასაჯაროვა პირობები, რომლების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც მზად იყო ახალი კოალიციის შესაქმნელად. 

ექსპრემიერის განცხადებით, ჩაშლილი მოლაპარაკებების მიზეზი მამუკა ხაზარაძის მხრიდან ახალ ახალი ულტიმატუმების წამოყენება გახდა. ყოფილი პრემიერი ამტკიცებს, რომ ლელოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას სიიდან ჩახსნას სთხოვდა და ეს სურვილი ლელოს ლიდერმა ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილის თანდასწრებით გააჟღერა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ექსპრემიერის მხარე დაიჭირა. გიორგი გახარია მზად იყო ამ კომპრომისზეც წასულიყო, თუმცა შემდგომ ხაზარაძემ ისეთი საკითხების დათმობა მოითხოვა, რაც გახარიასთვის წითელი ხაზი აღმოჩნდა.

დღეს გიორგი გახარიამ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მზადყოფნა 3 პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში გამოთქვა. ნეიტრალური პლატფორმის ჩამოყალიბება - გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თანასწორუფლებიანი პირობების შექმნა და არჩევნების შემდგომ ნაციონალურ მოძრაობასთან და ქართულ ოცნებასთან კოალიციის დაუშვებლობაზე ხელის მოწერა ის მთავარი წინადადებებია, რომელიც ახალი პოლიტიკური ალიანსის საწინდარი იქნებოდა. თუმცა ხაზარაძემ გახარია უარით გაისტუმრა.

"ძლიერი საქართველოს" ლიდერის მტკიცებით, გახარიამ მოლაპარაკებების მაგიდა მოულოდნელად ააყირავა, რადგან წინა ღამით დოკუმენტის ხელმოსაწერად ყველაფერი გამზადებული იყო.

ხაზარაძის განცხადებით, კონსენსუსური დოკუმენტი 9 პუნქტისგან შედგებოდა, რომელიც სამართლიან პარიტეტს ეფუძნებოდა. ასევე "ლელოს" თავმჯდომარე ამხელს, რომ სიის ფორმირების საკითხი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო და სალომე ზურაბიშვილისთვის მხარეებს გუშინ უნდა წარედგინათ ალიანსის სიის პირველი ოცეული. შეთანხმების მიხედვით სიის 1 ნომერი ნეიტრალური პირი იქნებოდა, რომელიც არცერთ პარტიას არ წარმოადგენდა.

საქართველოს ექსპრემიერმა დღეს  პირველად განაცხადა რომ მოლაპარაკებების დასრულება არა ლევან ცუცქირიძის ფაქტორმა, არამედ მამუკა ხაზარაძის კოალიციის პოზიციამ გამოიწვია. გახარია აცხადებს, რომ ლელოს ლიდერი  გახარიას ისეთი საკითხების დათმობას აიძულებდა, რითიც პარიტეტისა და ნეიტრალობის პრინციპი ირღვეოდა.

გახარია- ხაზარაძის ალიანსი ჩაშლილია, კონსულტაციები დასრულებულია და თემა დახურულია. პროცესს საბოლოო წერტილი მამუკა ხაზარაძემ დაუსვა. ახლა ორივე გუნდი მზად არის არჩევნების შემდეგ თანამშრომლობისთვის და საქართველოს პრეზიდენტს პროცესში ჩართვისთვის მადლობას უხდის.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი