ოლიგარქის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი უკვე შემუშავებულია. "ამერიკის ხმის" ინფორმაციით ოფიციალური ვაშინგტონი უკვე შეთანხმდა რომ ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქებთან და რუსულ დაზვერვასთან მჭიდრო კავშირის გამო სანქციებს დაუწესებს. არ არის გამორიცხული, რომ სანქციები 26 ოქტომბრამდე გააქტიურდეს.
ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ექსპერტების მოსაზრებით, ქართულ პოლიტიკაში მესამედ სწორედ სანქციებისგან თავის არიდების მიზნით შემობრუნდა, სწორედ ახლაა დასანქცირებასთან ყველაზე ახლოს.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სანქციების ამოქმედება მხოლოდ დროის საკითხია. მათი თქმით, ეს არის სიგნალი აშშ-დან და მთელი ცივილიზებული სამყაროსგან, რომ ივანიშვილს არ აპატიებენ არც არჩევნების გაყალბებას და არც ხელისუფლების მიტაცებას. მათი შეფასებით, ხელისუფლების ქმედებებმა ქვეყანას მძიმე რეპუტაციული ზიანი მიაყენა და ბელარუსის ტიპის ქვეყნად აქცია.
გარდა სანქციებისა, ჟურნალისტ ალექს რაუფოლუს ინფორმაციით, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში "ქართველი ხალხის აქტის" განხილვა, სავარაუდოდ, 25 სექტემბერს დაიწყება და მისი მიღება რამდენიმე კვირაშია მოსალოდნელი.
შეგახსენებთ, რომ "ქართველი ხალხის აქტი" დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა შეიმუშავეს. სენატორების მიერ შემუშავებული დოკუმენტი ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირებასა და ქართველი ხალხის მხარდაჭერას გულისხმობს.