ოლიგარქის ახალი ახირება: ტყვიაგაუმტარი კლდე და პირადი ტბა ბიუჯეტის ხარჯზე | "შაბათის მთავარი" აბასთუმნიდან

გამოქვეყნდა:

აბასთუმანი - საქართველოს სამხრეთში მდებარე ეს კურორტი ბიძინა ივანიშვილის პირადი საკუთრებაა.  ნაყიდი თუ  იძულებით წართმეული  ისტორიული ძეგლების, მდინარეების, მიწის ნაკვეთების, ხეებისა და საავტომობილო გზების შემდეგ,  ოლიგარქი პირად ტბას იშენებს. მისი რეზიდენციიდან 9 კილომეტრში, სოფელ წახანში სამუშაოები უკვე დაწყებულია. რამდენიმე ჰექტარზე გაშლილი ხელოვნური  ტბის გარშემო საფეხმავლო ბილიკები  და ვერტმფრენის ასაფრენი 2 მოედანი მოწყობა. 

ოლიგარქის კომფორტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი გამოიყო.  ოფიციალური დოკუმენტი საჯაროდ არ იძებნება, მაგრამ წყარო მთავრობის ადმინისტრაციიდან გვიყვება, რომ   ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი განკარგულება 2022 წლის 27 სექტემბერს გამოიცა. დოკუმენტის მიხედვით, კურორტზე ხელოვნური ტბის მოწყობა სახანძრო უსაფრთხოების გამო გადაწყდა. ეს ოფიციალური ინფორმაციაა, რომელიც რეალობას, დიდი ალბათობით არ შეესაბამება. 

ვარაუდი, რომ ოლიგარქი სარეკრეაციო სივრცეს საკუთარი კომფორტისთვის აწყობს, მყარდება წარსული გამოცდილებითაც.  ადგილობრივები წლებია უყურებენ, როგორ ღობავს ივანიშვილი აბასთუმანში ტერიტორიებს და როგორ აქცია საავტომობილო გზიდან დაწყებული, ტყით დამთავრებული, საკუთარ ეზოდ მთელი კურორტი. 

დოკუმენტებით და ადგილზე მიმდინარე სამუშაოებით დასტურდება, რომ  ოლიგარქმა მთლიანი კურორტი იყიდა და ისე მოაწყო, როგორც მას სურს. რომანოვების სასახლის გვერდით 2019 წელს ახალი მისტიკური ნაგებობის მშენებლობა დაიწყეს. 

ტყის შუაგულში,  ბიძინა ივანიშვილის სასახლის დანახვა და მითუმეტეს გადაღება არცერთი ადგილიდან არის შესაძლებელი. ოლიგარქის რეზიდენციას  20- მეტრიანი  ტყვიაგაუმტარი კლდე  აკრავს. მას უჩინარი კარი აქვს ,რომელიც იშვიათად  იღება. ივანიშვილის კლდე რამდენიმე სართულიანია და 10-მდე შუშის სარკმელი აქვს.  ისინიც რა თქმა უნდა ბრონირებულია. ტყვიაგაუმატარი ფანჯრების მიღმა ბიძინა ივანიშვილის სასახლის პირადი მცველები ცხოვრობენ.  ხელოვნური კლდის ასაშენებლად ივანიშვილმა საფეხმავლო გზაც მიითვისა და ამით აბასთუმანში მცხოვრებლებს წაართვა უნიკალური კურორტის ხედიც, რადგან ახლა მათი საცხოვრებელი სახლებიდან ახლა მხოლოდ ოლიგარქის ხელოვნური კლდე ჩანს. 

ოლიგარქი კურორტით ჯერ კიდევ 2018 წელს დაინტერესდა და მიუხედავად იმისა, რომ მას ოფიციალური თანამდებობა უკვე აღარ ეკავა, მთავრობას დაავალა, შეექმნა საკურორტო ზონის განვითარების გენერალური გეგმა, რაც მალევე მომზადდა და პანდემიის დროს, საგანგებო მდგომარეობისას დაამტკიცეს.   

მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა იყიდეს თითქმის ყველა მიწის ნაკვეთი, ააშენეს შენობები რომელიც პირადად ივანიშვილის ოჯახს ეკუთვნის, შემოსაზღვრეს ტყე, რომელიც პირადად ივანიშვილის არის, გაიყვანეს გზები, რომელიც ასევე პირადად ბიძინასია.

კურორტზე  ინფრასტრუქტურა განახლდა, თუმცა ამის სანაცვლოდ დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს ისტორიული სანატორიუმი.  ადგილობრივები ახალი გზებით და გალამაზებული შენობებით უკმაყოფილოები არ არიან, მაგრამ არ იციან რომ ამ ყველაფერზე არა ივანიშვილის, არამედ  გაღატაკებული ქართველი ხალხის ფული დაიხარჯა და ბიუჯეტიდან დღემდე, 263 მილიონი ლარია გამოყოფილი. მიმდინარე სამუშაოები ხშირად ივანიშვილის ქველმოქმედება ჰგონიათ. 

აბასთუმანში ნებისმიერი უცხო პირის გამოჩენა, მითუმეტეს კრიტიკული მედიის, შეშფოთებას იწვევს და ყოველთვის როცა ივანიშვილის შესახებ რეპორტაჟი მზადდება, ჟურნალისტებს ვიღაც დაყვება, აკონტროლებს და ვიდეოებს უღებს. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. იქ ყოფნის რამდენიმე საათის განმავლობაში "შაბათის მთავარის" გადამღებ ჯგუფს ლურჯი ფერის ჯიპი  არ მოშორებია. 

როგორ იქცა აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილის პირად კურორტად და როგორ აწყობს ოლიგარქი ამ უნიკალურ ადგილს თავისი გემოვნებით, ბიუჯეტის ხარჯზე - "აი ფაქტმა" ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიებაც მოამზადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი