ვის ჩააბარა ოლიგარქმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობა? - ლევან მგალობლიშვილი, რომელიც პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი იყო, საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციონერი ქალების მიმართ აგრესია და შეურაცხმყოფელი განცხადებები გამოარჩევდა.
საკუთარი გავლენებითა და მანდატით წყნეთში ვილა ისე ააშენა, რომ დღემდე ის მერიის საკუთრებაა. ვიდრე "ოცნებაში" გადაპორტირდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი იყო და სწორედ წინა ხელისუფლების ლობირებით საკრებულოშიც მუშაობდა.
2013 წელს თბილისი საკრებულოდან მისი გაშვება მოუწიათ, რადგან გამოძიება მგალობლიშვილის წინააღმდეგ უცხოეთში მიმდინარეობდა.
"შაბათის მთავარისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ლევან მგალობლიშვილი წლების წინ საზღვარგარეთ იყო დაკავებული, მესამე ქვეყანაში ის საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს.
11 წლის შემდეგ ამ სკანდალური ინფორმაციის გასაჯაროება მარიკა დათუკიშვილმა ლევან მგალობლიშვილის ახალ თანამდებობაზე დანიშვნის გასაპროტესტებლად გადაწყვიტა. ის თვლის რომ მგალობლიშვილს აფხაზეთიდან დევნილების ბედის გადაწყვეტის მორალური უფლება არ აქვს, რადგან ამტკიცებს რომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშნული კაცი აფხაზეთთან კავშირის გაწყვეტას წლების წინ საკუთარი სურვილით ცდილობდა.
"2013 წლის დასაწყისი იყო, როცა მე შემატყობინეს, მე ვიყავი უშუალო ხელმძღვანელი, მისი აპარატის უფროსი და მე შემატყობინეს, რომ ბატონი მგალობლიშვილი იმყოფებოდა პატიმრობაში ერთ-ერთ უცხო ქვეყანაში.
დავიწყე მოკვლევა, თუ რატომ იჯდა, რომელ ქვეყანაში იჯდა ის ციხეში, რატომ იყო პატიმრობაში მიცემული და რისი გარკვევაც შევძელი იყო ის, რომ მგალობლიშვილი წარმოშობით არის აფხაზეთიდან. ის მესამე ქვეყნიდან და არა საქართველოდან ცდილობდა უკანონოდ გადაეკვეთა აფხაზეთის საზღვარი. ნოსტალგია კი არ მოაწვა და იმიტომ კი არ უნდოდა, მაგას ძალიან მარტივად გავუგებდით ყველა და შევუქებდით საქციელსაც. მან საზღვრის გადაკვეთა მოინდომა იმიტომ რომ აფხაზეთში მისი სახლი გაეყიდა და ისე დაბრუნებულიყო უკან და ესეც ძალიან ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ვისზე უნდა გაეყიდა მისი სახლი. აფხაზეთში ქართველები არ ყიდულობენ სახლს. არც აფხაზებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ დღეს იქ მიტოვებული სახლები იყიდონ. აფხაზეთში თუ გაყიდდა სახლს უნდა გაეყიდა რუსებზე...
მან გადაკვეთა საზღვარი ისე, რომ მე მისი უშუალო ხელმძღვანელი არ ვიყავი საქმის კურსში. მას ჩვეულებრივ ეწერებოდა ხელფასი და მე როცა გავიგე რომ მან ასე დაუკითხავად შვებულების გარეშე გადაკვეთა საზღვარი და მოხვდა პატიმრობაში, რა თქმა უნდა პირველი რეაქცია რაც მქონდა გამოვეცი ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ." ამბობს მარიკა დათუკიშვილი.
იმ პერიოდში როცა ეს ამბავი მოხდა ხელისუფლება უკვე შეცვლილი იყო, თუმცა საკრებულოს უმრავლესობაში ჯერ ისევ ნაციონალური მოძრაობა იყო. მარიკა დათუკიშვილი მაშინ საკრებულოს აპარატის უფროსის პოსტს იკავებდა, ლევან მგალობლიშვილი კი სპორტის კომისიის სამდივნოს უფროსი იყო. დათუკიშვილი ამბობს, რომ მგალობლიშვილის მოულოდნელი გაუჩინარების შესახებ არაფერი იცოდა. ამბის მოკითხვის შემდეგ კი გაარკვია რომ ის ქვეყნიდან გასული იყო, ისე რომ ამის შესახებ სპორტის კომიტეტში არავინ ჰყავდა გაფრთხილებული. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ მარიკა დათუკიშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ ლევან მგალობლიშვილი უცხოეთში იყო დაკავებული.
კრიმინალურ წარსულზე დეტალების გასარკვევად ლევან მგალობლიშვილს ახალ სამსახურში მივაკითხეთ. დაკავების ფაქტი არ უარყო, თუმცა გვითხრა, რომ ამ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია. ლევან მგალობლიშვილმა სხვა კითხვებს აღარ უპასუხა. შესაბამისად ვერ გავიგეთ რა ბედი ეწია მის სახლს აფხაზეთში, რომლის გასაყიდადაც უკანონოდ შესვლას ცდილობდა და დააკავეს.
ლევან მგალობლიშვილს აფხაზეთში არსებული ქონება დეკლარაციაში არასდროს ქონია. ბოლო დეკლარაცია მან 2023 წლის დეკემბერში შეავსო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, ქართულ ოცნებაში გადაბარგების შემდეგ მან საკმაოდ კარგი ქონება დააგროვა. თბილისში მის საკუთრებაში არაერთი კომპანია და საცხოვრებელი სახლია. ლევან მგალობლიშვილი ფლობს მიწის ნაკვეთებსა და უძრავ ქონებას აბაშასა და სამტრედიაში. საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა ისიც, რომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს პირადი ავტომობილი არ ჰყავს, თუმცა ის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიების მფლობელია.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ლევან მგალობლიშვილის წარსულში, კიდევ ერთი კრიმინალური შემთხვევაა - 2006 წელს მან საკუთარ სახლთან ახლოს, მუშა დაჭრა. თუმცა, იმის გამო რომ, 18 წელია გასული მომხდართან დაკავშირებული დეტალების გარკვევა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.