ოზურგეთის მერის მოადგილემ ადგილობრივი ბიუჯეტის ფულით საკუთარ ეზოში ქვაფენილი დააგო | ოპოზიცია კორუფციულ ფაქტებზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

ოზურგეთის მერის მოადგილემ სახელმწიფო პროექტით დაწყებული გზის რეაბილიტაციისას საკუთარი ეზოც კეთილმოაწყო. არსებული ინფორმაციით, ნათია გოლიაძემ ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის გარშემო ქვაფენილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტის ფარგლებში დააგო. 

როგორ ხსნის მერის მოადგილე, სახელმწიფო ფულის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას - "მთავარი არხის" ადგილობრივმა კორესპონდენტმა ნათია გოლიაძის კომენტარის მოპოვება რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ამავე სახლში ამჟამად ცხოვრობს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძეც, რომლის სახლის მშენებლობაც იმავე ქუჩაზე მიმდინარეობს.

ადგილობრივი ოპოზიცია აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედებები კორუფციის ფაქტებს შეიცავს, თუმცა ამბობენ, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში ამ ფაქტზე რეაგირების იმედი არ აქვთ.

"მერის მოადგილის ეს ქმედება შეიცავს კორუფციის ფაქტებს, რომ ბიუჯეტის ფულიდან დაფინანსებულმა პროექტმა გადაინაცვლა კერძო ეზოში და დაიგო ბიუჯეტის ფულით.

მე მგონია, რომ ამაზე არანაირი მოკვლევა არ დაიწყება და ამიტომ საჭიროა ჩვენმა ამომრჩეველმა 26 ოქტომბერს გასცეს პასუხი ამ ყველაფერს," - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენელი მამუკა გოგუაძე

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის დათო მჟავანაძის თქმით, "ქართული ოცნება" მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას დაპირდა, ამის ნაცვლად კი მისმა წევრებმა საკუთარი კომფორტი მოიწყეს.

"თალაკვაძე ცდილობს საკუთარ თავს და გარემოცვას მაქსიმალურად კომფორტი მოუწყოს და გამოიყენოს ბიუჯეტის თანხა. ნათია გოლიაძეს ეზოში ქვაფენილი სახელმწიფო პროექტით დაუგეს," - აღნიშნა დათო მჟავანაძემ.

ავტორი: დავით კობიძე
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი