მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, ქობულეთის მერია მასწავლებლებს პარფიუმერიის ვაუჩერებს გადასცემს. ამის გამო ბიუჯეტიდან 20 ათასი ლარია გამოყოფილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ქობულეთის მერია მასწავლებელთა კონფერენციის ჩატარებას გეგმავს, მერიამ თანხის გასაცემად ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომლის ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ მასწავლებელთა კონფერენციაში გამარჯვებულების საჩუქარი იქნება "პარფიუმერული მაღაზიის სასაჩუქრე 150-ლარიანი ვაუჩერი და ყვავილების თაიგული".
კონფერენციაში გამარჯვებულ მასწავლებლებზე გადასაცემად მერიას 23 ვაუჩერი და 30 თაიგული უნდა მიაწოდონ. ტენდერის კომპანიას ასევე ევალება ადგილობრივი მომღერლების ჯგუფის მოწვევა, აპარატურის ქირაობა, სცენის გაფორმება ყვავილებით, რეჟისურა და სხვა. ასევე ფურშეტი 100 კაცზე [მენიუ გაწერილია ტექნიკურ დავალებაში].
20 ათასი ლარით გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 28 სექტემბერს დაიწყება და პირველ ოქტომბერს დასრულდება. პირობაში აღნიშნულია, რომ „ღონისძიების ორგანიზების ვადა 2024 წლის ოქტომბრის თვე. კონკრეტული დღე შეთანხმდება შემსყიდველთან; მომსახურების გაწევის თარიღი შესაძლებელია შეიცვალოს ამინდის პროგნოზის შესაბამისად, რაც წერილობით ეცნობება მიმწოდებელს.“