ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების საქმეზე დაკავებულ სამ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის სახით, პატიმრობა შეუფარდა, მეოთხე დაკავებულზე კი სასამართლო ხვალ იმსჯელებს.
ბაქარ ფარეულიძეს, ისლამ დუიშვილს, ზელიმხან აჭიშვილსა და ზელიმ ბაკაევს ბიზნესმენის გატაცებას, ძალადობას და ფულის გამოძალვას ედავებიან.
სასამართლომ გადაწყვეტილება პროკურატურის სასარგებლოდ მიიღო. დაკავებულების ადოკატები კი ამბობენ, რომ დანაშაულის მტკიცებულებები არ არსებობს. გარდა ამისა, როგორც ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ამბობს, დაზარალებულებმა "ცრუ დასმენა" გამოიყენეს.
ოთხივე მათგანი თბილისში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბიზნეს საქმიანობას ეწევიან, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკურად გაუსწორდნენ.
პანკისელი სამოქალაქო აქტივისტი, სულხან ბორძიკაშვილი ფიქრობს, რომ ტაჯიკი ბიზნესმენის გატაცაცების საქმე, შესაძლოა, არჩევნებს უკავშირდებოდეს. ბორძიკაშვილის თქმით, "ოცნება" საქმეზე დაკავებული 4 პანკისელის სანაცვლოდ ხმების მოპოვებას შეეცდება.
დაკავებულთაგან ერთი, ბაქარ ფარეულიძე, პანკისელი ბიზნესმენისა და სალაფიტური თემის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ ფარეულიძის ძმაა. ბიზნესმენი "ოცნების" მხარდამჭერი არ არის და არსებობს ვარაუდი, რომ მმართველი გუნდი გატაცების საქმეს გავლენიანი პირის გადმოსაბირებლად გამოიყენებს.