პანკისელი სამოქალაქო აქტივისტი, სულხან ბორძიკაშვილი ფიქრობს, რომ ტაჯიკი ბიზნესმენის გატაცაცების საქმე, შესაძლოა, არჩევნებს უკავშირდებოდეს.
ბორძიკაშვილის თქმით, "ოცნება" საქმეზე დაკავებული 4 პანკისელის სანაცვლოდ ხმების მოპოვებას შეეცდება. დაკავებულთაგან ერთი, ბაქარ ფარეულიძე, პანკისელი ბიზნესმენისა და სალაფიტური თემის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ ფარეულიძის ძმაა. ბიზნესმენი "ოცნების" მხარდამჭერი არ არის და არსებობს ვარაუდი, რომ მმართველი გუნდი გატაცების საქმეს გავლენიანი პირის გადმოსაბირებლად გამოიყენებს.
არჩევნები ახლოვდება, ფარეულიძისნაირი ადამიანი სჭირდებათ მხარდასაჭერად და გატაცება შეიძლება ამისთვის გამოიყენეს. ბიზნესმენი და გავლენიანი პირია და აქვს ისეთი შესაძლებლობები, რაც მთავრობას დააინტერესებს. ვფიქრობ, რომ გატაცების ერთადერთი მთავარი მიზეზი ეს არის, - ამბობს სულხან ბორძიკაშვილი.
თავად ვახტანგ ფარეულიძე ამბობს, რომ არ აპირებს პოლიტიკური არჩევანის შეცვლას, თუნდაც "ოცნებამ" ამისთვის გატაცების საქმე გამოიყენოს.
შეგახსენებთ, რომ ტაჯიკი ბიზნესმენის გატაცების საქმეზე 4 პირია დაკავებული. ბაქარ ფარეულიძეს, ისლამ დუიშვილს, ზელიმხან აჭიშვილსა და ზელიმ ბაკაევს ბრალად ბიზნესმენების გატაცება, მათზე ძალადობა და ფულის გამოძალვა ედებათ. ოთხივე პირი თბილისში აიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.