აშშ-ის მხრიდან ივანიშვილის მოსალოდნელი სანქცირების ფონზე სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია. იმისდა მიუხედავად, რომ ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად აშშ-ში წავიდა, მას ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრები დაგეგმილი არ აქვს. გავრცელებული ინფორმაციით ივანიშვილმა ვაშინგტონიდან უკვე მიიღო გზავნილი, რომ მისი მთავრობის ადმინისტრაციასთან ბაიდენის ადმინისტრაცია კომუნიკაციას წყვეტს. ამის პასუხად ცნობილი ხდება რომ ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს შეერთებული შტატებიდან საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გამოიწვიოს. ოლიგარქმა კობახიძის გუნდს უკვე დაავალა გადადგას უკიდურესად მძიმე დიპლომატიური ნაბიჯი და გამოიხმოს დავით ზალკალიანი. ეს იქნება სავარაუდოდ პრემიერის მიერ დაანონსებული მუქარის პირველი ნაბიჯი. იგეგმება თუ არა ელჩის გამოწვევა, ამაზე საუბარს "ქართული ოცნების" წევრები თავს არიდებენ.
სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის დაძაბვის ფონზე ქვეყნის იზოლაციის მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობენ ექსპერტები. პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელის კორნელი კაკაჩიას შეფასებით, განსხვავებით სხვა ავტოკრატიული ქვეყნებისგან, საქართველოს იზოლაციაში ყოფნის რესურსი არ აქვს და ეს მძიმედ იმოქმედებს, როგორც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაზე, ასევე უსაფრთხოებასა და არაღიარების პოლიტიკაზე.
"ეს უკვე იწვევს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციას. ეს არ იქნება მხოლოდ აშშ-სთან ურთიერთობის გაუარესება, არამედ მის პარტნიორებთან, იგივე ევროკავშირში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ასევე ართულებს საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებას, განსაკუთრებით არაღიარების პოლიტიკის კუთხით და სხვა. ქვეყანაში გაუარესდება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და რაც ყველაზე მთავარია, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა თანდათანობით ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში, რისი რესურსებიც ამ ქვეყანას არა მგონია ჰქონდეს, განსხვავებით სხვა ავტოკრატიული ქვეყნებისგან, რომელთაც ზოგს ან ნავთობი აქვს ან გაზი, ან სხვა რამ,"- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.