"ქალი ევროკავშირის დროშით", ნანა მალაშხია, "კოალიცია ცვლილებისთვის" გუნდს შეუერთდა. ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა და წარადგინა.
"ჩემთვის დიდი პატივია, ვიდგე აქ და ახლა, თქვენს წინაშე. ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა, მე ამაში დავინახე შესაძლებლობა, რომ თქვენთან ერთად, ამ გუნდთან ერთად ვიბრძოლო ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ცვლილებებისათვის. ცვლილებებისათვის, რომელიც დაასრულებს ამ ქვეყანაში უიმედობას, ცვლილებებისათვის, რომელიც დაასრულებს ამ ქვეყანაში სიღარიბეს, კორუფციას, ირაციონალურ შიშებს, ცვლილებები, რომელიც დაასრულებს ამ ქვეყანაში ზიზღსა და სიძულვილს, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკურ იარაღად აქცია და დააკანონა კიდეც. ცვლილებები, რომელიც დაასრულებს ამ ქვეყანაში ერთპარტიულ მმართველობას, ავტორიტარიზმს და ბელადომანიას, ცვლილებები, რომელიც გაათავისუფლებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, საჯარო სამსახურებს პარტიული გავლენებისგან. ცვლილებები, რომლებიც მოიტანს იმედს, ბედნიერების განცდას, უსაფრთხოებას, კეთილდღეობას. ცვლილებები, რომელიც მოიტანს დაბალანსებულ, მრავალპარტიულ, კოალიციურ მმართველობას. ცვლილებები, რომელიც განხორციელდება ქართული ქარტიის ფარგლებში. ცვლილებები, რომელიც დაგვიბრუნებს მეგობრებს და პარტნიორებს. ეს არის ის ცვლილებები, რომლისთვისაც მინდა ვიბრძოლო თქვენთან ერთად. ამ გუნდთან ერთად და მადლობა ამ გუნდს ამ შესაძლებლობისთვის, ამ მხარდაჭერისთვის. მითხრეს, შენ გააკეთე შენი მაქსიმუმი, მაგრამ ქალი ევროკავშირის დროშით გადმოვიდა ფოტოდან და აგრძელებს ბრძოლას, ბრძოლას სამშობლოსთვის. ცვლილებების დროა! გამარჯვების დროა! , - ამბობს ნანა მალაშხია.
7 მარტის აქციის მონაწილე ქალი ევროკავშირის დროშით, ნანა მალაშხია, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.