ევროპის საბჭოს დელეგაცია თბილისში შეხვედრებს აგრძელებს. დელეგაცია, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებსაც დააკვირდება, უკვე შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე "ქართული ოცნების" დელეგაციას.
შეხვედრის დეტალებზე ოპოზიციის წარმომადგენლები საჯაროდ არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციას სრულად არის ინფორმირებული საქართველოში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების შესახებ.
"ოპოზიციის წარმომადგენლები ვსაუბრობდით სხვადასხვა მიმართულებაზე, რა პრობლემებიცაა ქვეყანაში. ინსტიტუტები, რომლებსაც არ აქვს ნდომა იმის გამო თუ როგორ ნაბიჯებსაც დგამენ, მაგალითად ცესკო, ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც იქცა ინსტრუმენტად "ქართული ოცნების" ხელში. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ რუსულ კანონზეც, რომელიც არის ასევე ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოხდეს დისკრედიტაცია ორგანიზაციების და გაღვივდეს ის პროპაგანდა, რომელიც გვესმის "ქართული ოცნებისგან" , რომ თურმე ყველა, ვისაც აქვს განსხვავებული აზრი, ან აკონტროლებს ხელისუფლებას არის ქვეყანაში აგენტი", - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა, ხათუნა სამნიძემ.
ცნობისთვის, დელეგაცია საქართველოში წინასაარჩევნო ვიზიტით 23 სექტემბერს ჩამოვიდა. ვიზიტი საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური კლიმატის შესაფასებლად დაიგეგმა.